ავტობუსებით შორ მანძილზე მგზავრთგადაყვანის რეგულაციის ამოქმედება გადაიდო, - ამის შესახებ „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში შესულ ცვლილებებში წერია.
დოკუმენტის მიხედვით, საქალაქთაშორისო გადაყვანებთან დაკავშირებით ახალი რეგლამენტი 2025 წლის 1-ელი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა გადაიდო. ახალი დადგენილების მიხედვით, რეგულაცია 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.
"ქალაქებს (ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ზუგდიდი, ქ. თელავი) და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოემსახუროს მხოლოდ III კლასის არანაკლებ 35 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე M3 კატეგორიისა და მინიმუმ EURO IV უსაფრთხო კატეგორიის ავტობუსს ანავტობუსს, რომლის გამოშვების თარიღიდან გასულია არაუმეტეს 20 წლისა,"- ნათქვამია დოკუმენტში.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება სექტორში არსებული პროცესების დეტალურ ანალიზს დაეფუძნა და მიზნად ისახავს გადამზიდველთათვის დამატებითი დროის მიცემას ავტოპარკის განახლებისა და შესაბამისი კლასის ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენისათვის.
"აღსანიშნავია, რომ წარმატებით მიმდინარეობს საავტომობილო სამგზავრო მიმართულებით რეფორმა, რომლის ფარგლებში, ის პირები რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ ქვეყნის შიდა რეგულარულ და საერთაშორისო მგზავრთა გადაყვანას, 2024 წლიდან ეტაპობრივად განებართვიანდნენ. 2025 წლის 2 ივნისის მდგომარეობით ნებართვის მფლობელთა რიცხვმა 2400 გადამზიდველს გადააჭარბა, ნებართვის მიღების მსურველთა რიცხვი ქვეყანაში მზარდია.
სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, საავტომობილო სამგზავრო მიმართულებით რეფორმის კვალდაკვალ, აგრძელებს საავტომობილო სამგაზვრო გადაყვანებში ჩართულ პირებთან თანამშრომლობას, რაც პირველ რიგში მიზნად ისახავს გადამზიდველებისა და ავტოსადგურების ინტერესების მაქსიმალურ დაცვასა და მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას,"-აცხადებენ სააგენტოში.
შეგახსენებთ, ავტოსადგურების რეფორმაზე ქვეყანაში ბოლო წლებია აქტიურად საუბრობენ, მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი კი, რომელიც ავტოსადგურის სერტიფიცირებას და მგზავრთა გადაყვანის სფეროში ახალი სახის ნებართვების შემოღებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით გასული წლის 30 ნოემბერს დაამტკიცა.