ივლისის პერიოდზე სასტუმროს 25% უკვე დატვირთულია - დამსვენებლები ძირითადად რუსეთიდან არიან, - ამის შესახებ სასტუმრო Buxus Hotel Shekvetili-ს მენეჯერმა თინათინ ბერიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასტუმრო დატვირთული არ არის, თუმცა 15 ივლისიდან აქტივობის ზრდას ელოდებიან.
"ჩვენი დამსვენებლების 90% უცხოელები არიან. ძალიან მცირე, დაახლოებით 10% არის ხოლმე ქართველი ვიზიტორების წილი. აქტივობა ნელ-ნელა იმატებს და თუ 50%-იან დატვირთულობაზე ავალთ კარგი იქნება. როგორც წინა წელს, ამჟამადაც არ გვყავს დამსვენებლები, თუმცა წინასწარი ჯავშნები აქტიურად შემოდის განსაკუთრებით, რუსეთიდან და სომხეთიდან", - აცხადებს სასტუმროს მენეჯერი.
მანვე აღნიშნა, რომ შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე გამართული კონცერტების პერიოდში სასტუმროში ჯავშნების რაოდენობა არ იზრდება და სავარაუდოდ, დატვირთვა ისევ ბათუმზე მოდის.
სასტუმრო Buxus Hotel Shekvetili 35 სასტუმრო ნომერს და ღია აუზს მოიცავს. Buxus Hotel Shekvetili შეკვეთილში სანაპირო ზოლზე მდებარეობს.