საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივების (stablecoin) პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია კრიპტოინდუსტრიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის, - ამის შესახებ Bybit Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა ლომთაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეგულაცია ბაზრის მონაწილეებისთვის მკაფიო და პროგნოზირებად წესებს განსაზღვრავს, რაც საერთაშორისო კომპანიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ძალიან საინტერესო სამართლებრივი ჩარჩოა ჩამოყალიბებული, რაც ზრდის კრიპტო და ციფრული აქტივების პროვაიდერების ინტერესს საქართველოს მიმართ. კომპანიებს ზუსტად ესმით, რა წესებით უნდა იმოქმედონ. მკაფიოდ განსაზღვრული რეგულაცია ნდობის ფაქტორს მნიშვნელოვნად აძლიერებს“, - აღნიშნა შოთა ლომთაძემ. მისივე თქმით, Stablecoin მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც ციფრულ აქტივებსა და ტრადიციულ ფინანსურ სისტემას შორის ერთგვარ ხიდს წარმოადგენს. „სთეიბლქოინი არის ხიდი ციფრულ აქტივებსა და ტრადიციულ ფინანსურ სისტემას შორის. მისი არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან ნდობის დამატებით ინსტრუმენტს ქმნის და მომხმარებლებს ციფრული აქტივების უფრო უსაფრთხოდ გამოყენების შესაძლებლობას აძლევს“, - განაცხადა მან.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული რეგულაცია 2026 წლის მარტში შეიმუშავა. რეგულაციის მიზანია უსაფრთხო და გამჭვირვალე ეკოსისტემის ჩამოყალიბება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და სექტორში რისკების მართვის გაუმჯობესება.