logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"PET-ის ჩანაცვლება 1 წელში ფიზიკურად შეუძლებელია - აღნიშნული სასმელების დეფიციტს და გაძვირებას გამოიწვევს" - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

PET-ის ჩანაცვლება 1 წელში ფიზიკურად შეუძლებელია - აღნიშნული სასმელების დეფიციტს და გაძვირებას გამოიწვევს, - ამის შესახებ "ეფეს საქართველოს" კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“  განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, გამოსავალი არსებობს არა გადავადებაში, არამედ ეტაპობრივ ჩანაცვლებაში, რაც ინდუსტრიისთვის მისაღებია. 

"სასმელების ინდუსტრია, რომ წარმოვიდგინოთ საქართველოში - ეს არის, დაახლოებით, 1 მლრდ ლიტრი, სადაც შედის როგორც ლუდი ასევე, სხვა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები. მხოლოდ ლუდი არის 140 მლნ ლიტრი და მთელი ინდუსტრიის გაყიდვების 80% მოდის PET შეფუთვაზე. ანუ, დაახლოებით, 800  მლნ ლიტრი PET შეფუთვაში იყიდება, რომელსაც დაახლოებით, 20 000 ტონა PET-ი ემსახურება. იმ შემთხვევაში, თუ ამ 800 მლნ ლიტრის ჩანაცვლება სხვა ალტერნატიული შეფუთვით მოგვიხდება - შუშით, ან ქილით, მაშინ შუშის შემთხვევაში ნახელვარი მლნ ტონა შუშა გვექნება გამოსაყენებელი, რაც 25-ჯერ მეტს ნიშნავს. 25-ჯერ მეტი წონის შუშა იწვევს 20-ჯერ მეტ ლოგისტიკას, 20-ჯერ მეტ გამონაბოლქვს, 20-ჯერ მეტ საცობს და ფიზიკურად მიუღწეველია 1 წლის განმავლობაში ამის გაკეთება. ინდუსტრიას შუშის და ქილის ხაზების შესაბამისი წარმადობა არ აქვს. დღესვე, რომ ჩვენ შუშის ხაზები შევუკვეთოთ, მინიმუმ 1.5 წელი სჭირდება იმისათვის, რომ ეს ხაზები ჩამოვიდეს, დავამონტაჟოთ და გავუშვათ. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალ წელს როგორც მინიმუმ 6-7 წლის განმავლობაში პროდუქციის დეფიციტი შეიქმნება, ვერ მივაწვდით და უკეთეს შემთხვევაში ეს 800 მლნ ლიტრი განახევრდება, ხოლო უარეს შემთხვევაში გამესამედდება. ეს არის ის ეფექტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ. 

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ წარმოებიდან ინდუსტრიის მასშტაბით 400 მლნ ლიტრს ჩვენ ვერ ვაწარმოებთ, თუნდაც 1 წლის განმავლობაში. ეს პირდაპირ ითარგმნება იმაში, რომ ჩვენ აღარ დაგვჭირდება შესაბამისი მუშახელი. ეს ასევე, გამოიწვევს პროდუქციის გაძვირებას, რაც ფასის ელასტიურობის/მოთხოვნის გამო, ჩვენ რაც დაგვრჩება შუშის ბოთლში მასაც შეგვიმცირებს, რაც ასევე, შეამცირებს შემოსავლებს კომპანიაში და ბიუჯეტში. ეს არის ის შედეგი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი ამ ფორმით ამოქმედდება.

რაც შეეხება საბოლოო პროდუქციის ფასის ცვლილებას - ჯერჯერობით ასეთი გათვლა გაკეთებული არ გვაქვს, თუმცა არაალკოჰოლური სასმელების მიმართებაში ეს შეიძლება 100-დან 150%-მდე იყოს, ხოლო ლუდის შემთხვევაში 20-30%. თუმცა რასაც ეკონომიური სეგმენტი ჰქვია - ეს აღარ იარსებებს, რაც მოთხოვნას შეამცირებს. ინდუსტრია თვლის, რომ ეს შესაძლებელია მოხდეს ეტაპობრივად და ამას სჭირდება დრო. ლუდის შემთხვევაში ჩვენ დაახლოებით, 3-4 წელი დაგვჭირდება იმ შემთხვევაში, თუ PET-ის ამოღებასთან დაკავშირებით დღესვე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით  PET-ის ამოღებას, თუმცა ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ეტაპობრივად. ეს საკმარისი დრო იქნება იმისთვის, რომ ჩვენ გადავეწყოთ. ჩვენ ახლა მსხვილ კომპანიებზე ვსაუბრობთ, რომელთაც წესით უფრო ნაკლები პრობლემა ექნებათ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ მცირე და საშუალო ბიზნესი. 

გამოსავალი არსებობს რა თქმა უნდა, არა გადავადება, არამედ დროში გაწერილი გეგმა - 3-5 წლიანი გეგმა. მათ შორის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამოქმედება, რომლის ამოქმედებასაც 2016 წლიდან ვერ დავადგით საშველი", - აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

ცნობისთვის, მთავრობის დადგენილებით 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან 3-ლიტრამდე სასმელი წყლისა და 20-ლიტრამდე ალკოჰოლური, არაალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელების წყლის ბოთლებში წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია (გარდა ექსპორტისა) აიკრძალება.

გამოგვყევით