logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"გაზიანი სასმელების დიდ ფორმატებში ან ტეტრაპაკის შეფუთვაში ჩამოსხმა ტექნოლოგიურად შეუძლებელია" - "წყალი მარგებელი"

მინერალური, მტკნარი წლებისა და წვენების მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი“  პლასტიკის შეფუთვაში სასმელების გაყიდვის აკრძალვის საკითხს ეხმაურება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება  ადგილობრივ წარმოებას მნიშვნელოვან რისკებს უქმნის.

"მიმდინარეობს ინტენსიური შიდა კონსულტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აკრძალვა არ არსებობს. ამავდროულად, ინდუსტრიაში განხორციელებულია მრავალმილიონიანი, გრძელვადიანი ინვესტიციები, რის ფონზეც აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ადგილობრივ წარმოებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ უალკოჰოლო სასმელების PET შეფუთვა ნარჩენების საერთო ნაკადში 10%-საც არ აღწევს. შესაბამისად, მხოლოდ ამ სექტორზე მსგავსი ტიპის შეზღუდვის გავრცელება სისტემურ შედეგს ვერ მოიტანს.

ჩვენი მხრიდან არსებობს სრული მზადყოფნა კონსტრუქციული კონსულტაციებისთვის, რათა წარვადგინოთ ჩვენი არგუმენტები და შევიმუშაოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება დაბალანსებული და პრაქტიკულად განხორციელებადი. ასევე ვიცით, რომ სახელმწიფოს მხრიდანაც არსებობს სიგნალები დიალოგისა და კონსულტაციების მზაობაზე, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ამ რეგულაციის არსებული ფორმით ამოქმედება ჩვენი დარგისთვის ნიშნავს მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს და შექმნის თანამშრომლების სერიოზული ოპტიმიზაციის საჭიროებას. არსებობს რეალური რისკი, რომ ზოგიერთმა კომპანიამ სრულად შეწყვიტოს საქმიანობა ან მნიშვნელოვნად შეამციროს წარმოება.

ცხადია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პლასტიკის მართვის ერთიანი პოლიტიკა, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. ამ მიმართულებით ვადასტურებთ მზადყოფნას განვიხილოთ ნარჩენების მართვის სფეროში არსებული გლობალური პრაქტიკები და აქტიურად ჩავერთოთ ეფექტური გადაწყვეტილებების შემუშავებაში.

ამასთანავე, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ტექნოლოგიური რეალობაც. მაგალითად, გაზიანი სასმელების დიდ ფორმატებში ან ტეტრაპაკის შეფუთვაში ჩამოსხმა ტექნოლოგიურად შეუძლებელია, ხოლო მსგავსი ფორმატები მომხმარებლისთვისაც არ წარმოადგენს რეალისტურ ალტერნატივას,"-ნათქვამია "წყალი მარგებელის" მიერ "ბიზნესპარტნიორისთვის"  გამოგზავნილ  ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილებით, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან 3-ლიტრამდე სასმელი წყლისა და 20-ლიტრამდე ალკოჰოლური, არაალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელების წყლის ბოთლებში წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია (გარდა ექსპორტისა) აიკრძალება. 

რაც შეეხება კომპანიას  "წყალი მარგებელი", ის  ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომლის შემადგენლობაში გურიაში, სოფელ ნაბეღლავში არსებული უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ქარხანა შედის. "წყალი მარგებელი" რამდენიმე დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის: "ნაბეღლავი", "ჯეონატურა", "რაუხი", "ბახმარო" და "ბუღა". 

გამოგვყევით