სანავთობო და ოქროს ბირჟებზე ფასები მერყეობს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart-ის ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა სერგი ყურაშვილმა განუცხადა, ამჟამად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 3,335 დოლარს შეადგენს, რაც ბოლო დღეებში შემცირებული ფასის შემდეგ, კვლავ გაზრდილი მაჩვენებელია.
მისივე განმარტებით, წლის დასაწყისიდან ამ დრომდე, ძვირფასი მეტალის ფასი ზრდის ტრენდს ინარჩუნებდა და ისტორიული რეკორდიც კი რამდენჯერმე მოხსნა. მათ შორის, აპრილის ბოლოს, ოქროს ფასმა 3500 დოლარსაც მიაღწია.
„აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ელოდებოდნენ, რომ წლის ბოლომდე ოქროს ფასი მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდებოდა, თუმცა, ამჟამად პროგნოზების გაკეთება რთულია, რადგან აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ოქროს ფასებზე, ისე ზოგადად გლობალურ ეკონომიკაზე. დარგის ექსპერტები სწორედ აშშ-ს ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირებენ ოქროს ფასის ბოლოდროინდელ შემცირებას და შემდეგ ისევ ზრდას. როგორც იცით, გასული კვირის ბოლოს, დაიბლოკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტარიფების დიდი ნაწილი, რადგან აშშ-ს ფედერალური სასამართლოს შეფასებით, ტრამპმა პრეზიდენტის უფლებამოსილებას გადააჭარბა. ამის საპასუხოდ, ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ გაუქმებული იქნა მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პრეზიდენტს ტარიფების გამოყენების საშუალებას ამ ეტაპზე აძლევს, თუმცა საკითხი უზენაესი სასამართლოს დონეზე გადაინაცვლებს, საბოლოო განაჩენს კი სწორედ ის გამოიტანს. ამიტომ, ვიდრე კონკრეტული შედეგი დადგება, ოქროს საერთაშორისო ბირჟებზე მერყეობები გრძელდება. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, ერთი წლის ჭრილში, ძვირფასი მეტალი 25%-ზე მეტითაა გაძვირებული“, - აღნიშნა სერგი ყურაშვილმა.
რაც შეეხება სანავთობო ბირჟებს, ოქროს ბირჟების მსგავსად, ფასები აქაც მერყეობს. ამჟამად, ბრენტის ტიპის 1 ბარელი ნავთობის ფასი 64 დოლარს შეადგენს.
როგორც Galt & Taggart-ის ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა აღნიშნა, ნავთობის ფასების მერყეობა ასევე ტრამპის სატარიფო პოლიტიკას უკავშირდება, რომელიც აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ დაბლოკა.
ანალიტიკოსების თქმით, ამ გადაწყვეტილებამდე საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემოდა და 61 დოლარამდეც იყო ჩამოსული. ზოგიერთი საერთაშორისო ბანკის პროგნოზით, წლის ბოლომდე ნავთობის ღირებულება სწორედ 60 დოლარის ფარგლებში უნდა ყოფილიყო, თუმცა, სავარაუდოდ, ეს პროგნოზებიც გადაიხედება.
უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო პერიოდში, ნავთობის გაიაფება OPEC-ის გარშემო გავრცელებულ ცნობებს უკავშირდებოდა, რადგან არსებობს მოლოდინი, რომ ყაზახეთი და სხვა თანამოაზრე სახელმწიფოები ენერგეტიკულ ალიანსს დატოვებენ და საუდის არაბეთის წინააღმდეგ ფასების ომს დაიწყებენ, ანუ ისინი ნავთობის გაიაფებას შეეცდებიან, რაც, საბოლოო ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის ფასების კლებას გამოიწვევს.