აშშ-ში ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფების გაორმაგება ფეროშენადნობებზე დადებითად აისახება, - ამის შესახებ ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნუგზარ კევლიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე თქმით, თუ აშშ-ში ფოლადის შიდა წარმოება გაიზრდება - ეს ფეროშენადნობებზე მოთხოვნას გაზრდის.
"აშშ-ში იმ ოდენობის ფეროშენადნობებს არ აწარმოებენ, რაც სჭირდებათ. შესაბამისად, მათთვის ფეროშენადნობები სტრატეგიული პროდუქტია და აღნიშნულზე ტარიფი არ გაიზრდება. რაც შეეხება ალუმინის და ფოლადის იმპორტზე ტარიფების გაორმაგებას - ეს ნიშნავს იმას, რომ შიდა წარმოება გაიზრდება. შესაბამისად, თუ შიდა წარმოება გაიზრდება, მოთხოვნაც გაიზრდება და ეს ჩვენთვის შესაძლებლობა იქნება, რომ აშშ-ის ბაზარზე უფრო მეტად დავმკვიდრდეთ. ამ კუთხით აღნიშნული გადაწყვეტილება შეგვიძლია შევაფასოთ დადებითად და არა, უარყოფითად.
როგორც ცნობილია, საქართველოდან ფოლადის ნაწარმის ექსპორტს აშშ-ში რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ახორციელებს და მათთვის აღნიშნული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პრობლემა იქნება", - აცხადებს ნუგზარ კევლიშვილი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფები გააორმაგა. აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც ტარიფებს 25%-დან 50%-მდე გაზრდის, ძალაში შევიდა.
ბრძანებაში ნათქვამია, რომ ეს ღონისძიება „აღმოფხვრის ფოლადისა და ალუმინის ნაწარმისა და მათგან წარმოებული პროდუქტების იმპორტით შექმნილ ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს“.