logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ელექტროენერგიის გადასახადის გადახდის მზაობა გვაქვს, თუმცა საკითხი კომპლექსურად უნდა გადაიჭრას - სასტუმრო "ლაჰილი"

ელექტროენერგიის გადასახადის გადახდის მზაობა გვაქვს, თუმცა საკითხი კომპლექსურად უნდა გადაიჭრას, - ამის შესახებ სვანეთში მდებარე სასტუმრო "ლაჰილის" მფლობელმა ლევან დადვანმა "ბიზნესპარტნიორთან"  განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კონკრეტულად სასტუმრო "ლაჰილი" მესტიის მერის განცხადებას, რომ "მესტიის განვითარება შეუძლებელი იქნება, თუ კომპანიებმა დენის გადასახადის ნაწილობრივ გადახდა მაინც არ დაიწყეს" ეთანხმება.

ლევან დადვანის თქმით, აღნიშნული საკითხის მოგვარებაში როგორც კერძო სექტორი და მოსახლეობა, ისე სახელმწიფო სტრუქტურები უნდა ჩაერთოს.

"ამ ეტაპზე აღნიშნულ ინიციატივაზე კონსულტაცია არ გვქონია. როდესაც რეგიონში გაზი არ არის, მაღალმთიანი სტატუსი გვაქვს და გათბობა დაახლოებით, 7 თვე გვჭირდება, რაღაც ისეთი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, რომ არავინ დაზარალდეს. მაგალითად, მაღალმთიანი სტატუსიდან გამომდინარე ან გაზი გამოიყვანონ, ან სხვა. რთული საკითხია და ვეთანხმები, რომ რაღაც შესაცვლელია. საერთო, ერთიანი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული.

აღსანიშნავია ის, რომ ჩვენთვის საბჭოთა კავშირის დროიდან უფასოა დენი. როდესაც ენგურჰესი აშენდა, ის ე.წ. ალიმენტს უხდის სვანეთს იმ ზარალისთვის, რაც მისი აშენებით სვანეთს მიადგა. უბრალოდ, ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიზეზის გამო, ელექტროენერგიის მოხმარება ძალიან გაიზარდა, რაც ნამდვილად დასარეგულირებელია", - აცხადებს ლევან დადვანი.

ცნობისთვის, სვანეთის რეგიონის მცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, ზემო სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია.

მესტიის მერის კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, კი საჭიროა კომპანიებმა ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა ნაწილობრივ მაინც დაიწყონ, რადგან მომავალში განვითარება შეუძლებელი იქნება.

გამოგვყევით