logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ლევან დავითაშვილი: ჩვენი გრძელვადიანი ამოცანა სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმაა, რომელიც ბოლო წლებში დავიწყეთ

ლევან დავითაშვილი: ჩვენი გრძელვადიანი ამოცანა სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმაა, რომელიც ბოლო წლებში დავიწყეთ

1748942640

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პირველმა ვიცე-პრემიერმა სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო მართვის სტრატეგიაზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სტრატეგია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შემუშავდა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ელემენტებს ითვალისწინებს.

„თუმცა, ასევე ჩვენ ძალიან ფრთხილად მივუდექით ამ საკითხს და ჩვენს პარტნიორებსაც ავუხსენით, რომ სტრატეგიის დროში გამოცდა უნდა მომხდარიყო რეალურ ცხოვრებაში. სტრატეგიის განხორციელების პროცესში ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი მიგნებები, რომლებიც გარკვეულ კორექტივებს ითვალისწინებს ამ სტრატეგიაში, რაც უკვე შეიძლება, რომ აისახოს სრულფასოვან კანონმდებლობაში. ეს შემდეგი ნაბიჯი, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არის უკვე კანონმდებლობის დონეზე იმ პრინციპების ასახვა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში გამოვცადეთ. ეს გულისხმობს ეფექტიანობის გაზრდას, სახელმწიფო საწარმოების მართვის მეტ გამჭვირვალობას, პროფესიონალიზმს, საბოლოოდ მეტ ეფექტიანობას და, რა თქმა უნდა, ეფექტიანობის ინდიკატორების შემოტანას, ასევე მკაფიო ანგარიშვალდებულებას ხელმძღვანელობის მხრიდან და პროფესიონალი მენეჯმენტის ყოლას სახელმწიფო საწარმოებში, რაც თავისთავად სახელმწიფო საწარმოებს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილმა ამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან საკითხი ეხება არა რიგით შპს-ებს, რომლებშიც სახელმწიფოს მონაწილეობაა, არამედ მსხვილ კორპორაციებს სხვადასხვა დარგში.

„ეს კორპორაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ზოგადად ამა თუ იმ დარგის კონკურენტუნარიანობის და მდგრადობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და მის განხორციელებას ქვეყანა გააგრძელებს. სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაცია მოგვცემს გარკვეულ ეკონომიებს, რომელიც გამოყენებული იქნება სხვა მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა, ჩვენი გრძელვადიანი ამოცანა სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმაა, რომელიც ბოლო წლებში დავიწყეთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოგვყევით