ავტოსადგურებისა და მძღოლებისთვის 2025 წლიდან ახალი მოთხოვნები ამოქმედდება. რეფორმა, რომელმაც ქვეყანაში ავტოსადგურებისა და მგზავრთა გადამყვანების ფუნქციონირება უნდა მოაწესრიგოს, რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
ახალი კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც სხვადასხვა კატეგორიის ავტოსადგურებისთვის ფუნქციონირების პირობებს ადგენს, საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა და მათი დიდი ნაწილი ძალაში 2025 წლის 1-ელი ივნისიდან შევა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ნიკოლოზ გვენეტაძემ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ განუცხადა, ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების დადგენილების მიხედვით, ქვეყანაში სულ 3 კლასის ავტოსადგური იფუნქციონირებს.
მისივე ინფორმაციით, კანონქვემდებარე აქტების თანახმად, მაგალითად, პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურს უნდა გააჩნდეს: საბილეთო სალარო; მგზავრების მოსაცდელი დარბაზი; სანიტარიულ-ჰიგიენური ბლოკი; მძღოლების დასასვენებელი ოთახი; ბაქანი, სადისპეტჩერო; საინფორმაციო სამსახური და სხვა. მესამე კლასის ავტოსადგურის შემთხვევაში, აღნიშნულ ჩამონათვალს ემატება არანაკლებ 15 კვადრატული მეტრი ფართის გადახურული მოსაცდელი, არანაკლებ 5 დასაჯდომი ადგილით; ასევე რეისებს შორის ავტობუსებისა და მინივენების სადგომი მოედანიც.
„სამივე კლასის ავტოსადგურში მგზავრებისათვის არსებული ყველა სახის მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. აღსანიშნავია, რომ პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურებიდან შიდა და საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანა განხორციელდება, მესამე კლასის ავტოსადგურიდან კი, საერთაშორისოც. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც კანონქვემდებარე აქტებით განისაზღვრა არის ის, რომ დიდ მანძილებზე, თუ მანძილი აღემატება 150 კილომეტრს, მგზავრთა გადაყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ M3 კატეგორიის ავტობუსით, ანუ, საუბარია დიდ ავტობუსებზე“, - აღნიშნა ნიკოლოზ გვენეტაძემ.
ამ რეფორმას ეხმაურებიან ავტო ექსპერტებიც და ამბობენ, რომ ავტოსადგურების სწორად რეგულირების შემთხვევაში, ქვეყანაში მგზავრთა გადაყვანის სფერო გაჯანსაღდება, დაიხვეწება უსაფრთხოების სტანდარტები, განიტვირთება გზებზე საცობები და გაუმჯობესდება მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი.
„ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას დავით მესხიშვილმა - „გრინლაით კონსალტინგის“ დამფუძნებელმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც დღეს ქართული ავტოსადგურები დგანან.
როგორც მესხიშვილი განმარტავს, გამოწვევების დიდი ნაწილი, უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება, რადგან, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ხშირია შემთხვევები, როცა საქართველოში მგზავრთა გადაყვანა გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორციელდება.
გარდა ამისა, დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ამჟამად, ბაზარზე სრული ქაოსია და ავტოსადგურების გვერდის ავლით, მგზავრთა გადაყვანის შემთხვევებს სისტემური ხასიათი აქვს. მათივე განმარტებით, მოუწესრიგებელი მგზავრთა გადაყვანა აზარალებს როგორც ბიზნესს, ისე სახელმწიფო ბიუჯეტს, რადგან არა რეგისტრირებული გადამზიდავებისგან ბიუჯეტს მილიონობით ლარი აკლდება.
შეგახსენებთ, ავტოსადგურების რეფორმაზე ქვეყანაში ბოლო წლებია აქტიურად საუბრობენ, მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი კი, რომელიც ავტოსადგურის სერტიფიცირებას და მგზავრთა გადაყვანის სფეროში ახალი სახის ნებართვების შემოღებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით გასული წლის 30 ნოემბერს დაამტკიცა.