„თბილისის მშრალ პორტში დღევანდელი მდგომარეობით განთავსებულია როგორც სატრანზიტო, ისე საექსპორტო და იმპორტის რეჟიმში მოსაქცევი ტვირთები“- ამის შესახებ თბილისის მშრალი პორტის გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
ნინო ნემსაძის განმარტებით, მოლოდინია რომ პორტში ტვირთები შემოვა როგორც შუა აზიიდან ისე ევროპიდან.
„ბუნებრივია, ბევრად მეტი ტვირთის მიღების შესაძლებლობა გვაქვს. ოფიციალური გახსნის ღონისძიება სულ რამდენიმე დღის წინ გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ პორტი აქამდე სატესტო რეჟიმში მუშაობდა. ფოთთან და ბათუმთან ბუნებრივია, უკვე არის კავშირი, ტვირთების გარკვეული რაოდენობა უკვე ჩვენთანაა განთავსებული. პრინციპი არის ძალიან მარტივი - ტვირთები, რომელიც კონტეინერებშია განთავსებული და ქვეყანაში შემოვა უნდა მოხდეს მისი გადაზიდვა სარკინიგზო ან საავტომობილო გზით. თბილისის მშრალი პორტი იძლევა შესაძლებლობას, რომ კონტეინერის გახსნისა და გადმოტვირთვის გარეშე, მომხმარებელმა ტვირთი თბილისში, კონტეინერითვე მიიღოს.
თბილისის მშრალ პორტს მნიშვნელოვანი რეგიონალური ფუნქცია აკისრია, თუმცა ასევე ადგილობრივ მომხმარებელზეა გათვლილი. ჩვენი მოლოდინია, რომ ტვირთები მოვა დაწყებული ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან, ასევე ევროპის მიმართულებით მიმავალიც, ანუ იმპორტის რეჟიმში მოსაქცევი. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს "თრეიდერებთან", საზღვაო ხაზებთან, იმპორტიორებთან,“-აღნიშნა ნინო ნემსაძემ.
მისივე განმარტებით, თბილისის მშრალი პორტის უნიკალურობა ისაა, რომ შეუძლია მოემსახუროს როგორც შუა დერეფანში მოძრავ სატრანზიტო ტვირთებს, პარალელურად დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოთხოვნაც.
ცნობისთვის, თბილისი დრაი პორტი, პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი თბილისში ოფიციალურად უკვე ამოქმედდა,რაშიც ჩაიდო 21 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია და ამ პირველი ფაზის დასრულების შემდეგ შესაძლებელია წელიწადში 100 000 კონტეინერის დამუშავება. ობიექტმა მიიღო, როგორც საბაჟო ზონის ავტორიზაცია, ასევე პირველი რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და უსაფრთხოების სერტიფიკატი საქართველოს რკინიგზის სააგენტოსგან.