"საქსტატი" საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა 2025 წლის, III კვარტლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მათი ცნობით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.0 მილიონი შემოსვლა, რაც 6.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 40.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.5 მილიონი შეადგინა, რაც 6.8 პროცენტით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2025 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც 7.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 2.0 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 9.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 80.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 15.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.8 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2025 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 567.1 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 26.1 პროცენტს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 11.8%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (664.6 ათასი), თურქეთისა (430.0 ათასი) და სომხეთის (329.3 ათასი) მოქალაქეების მიერ.
ვიზიტორების უმრავლესობა (45.4 პროცენტი) მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის 48.2 პროცენტს შეადგენდა.
2025 წლის III კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (58.7 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 1 306.3 ათასი და 1 274.4 ათასი ვიზიტი. 2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.3 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.2 ღამე) 2.1 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 73.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 6.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 8.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 1.7 პროცენტით გაიზარდა და 2 467.5 ლარი შეადგინა.