logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ღვინის მიმართ მოთხოვნის შემცირება თვალსაჩინოა, ახალი თაობა ღვინოს ნაკლებად მოიხმარს" - Winiveria

ღვინის მიმართ მოთხოვნის შემცირება თვალსაჩინოა, ახალი თაობა ღვინოს ნაკლებად მოიხმარს, - ამის შესახებ მეღვინეობა Winiveria-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ზვიად გურაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე თქმით, მოთხოვნის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ხარისხიანი ღვინო ძვირფას პროდუქტად ითვლება და შესაძლოა, ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.

"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ 18 ქვეყანაში გავდივართ ექსპორტზე, ყოველდღიური შეხება გვაქვს ბაზრის ტენდენციებზე. ახალი თაობა ნაკლებად მოიხმარს ღვინოს, ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორი შეიძლება ჩაითვალოს, მათ შორის, ახალი თაობისთვის გარკვეულ პროდუქტებზე, სხვადასხვა თრობის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა. ისინი გართობისა და განტვირთვის სხვა გზებს მიმართავენ და სწორედ ამიტომ, მოთხოვნა მათი მხრიდან ნაკლებია.

ამასთან, უნდა აღინიშნოს რუსეთ-უკრაინის ომის გავლენაც. გარკვეული ფინანსური კრიზისის წინაშე დადგა ევროპის მოსახლეობა. ადამიანს, რომლებიც ხშირად სვამდნენ ღვინოს, ეს მოხმარება შემცირებულია. ასევე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ბაზრები იყო რუსეთი და უკრაინა და ამ ომიდან გამომდინარე ხარისხიან და მაღალფასიან პროდუქტზე დღითი დღე მცირდება მომხმარებელიც და მოთხოვნაც”, - განაცხადა ზვიად გურაშვილმა.

კომპანიის დამფუძნებლის ცნობით, ამ ეტაპზე მათი წარმადობის 70% ექსპორტზე იყიდება, ხოლო 30% ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ექსპორტის მიმართულებით გაფართოებაზე მუშაობას აგრძელებს.

ცნობისთვის, მეღვინეობა Winiveria 1995 წელს კახეთში, სოფელ ვარდისუბანში დაფუძნდა. მარანი თავდაპირველად დაახლოებით, 4 სახეობის ქვევრის ღვინოს აწარმოებდა. 2014 წელს, კი გაფართოვდა და ახალი მარანი ააშენა, რომელიც თანამედროვე წარმოებაა და 1 მლნ. ბოთლზეა გათვლილი. დღესდღეობით მეღვინეობა 23 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის, 17 სახეობის ღვინოს, 2 სახეობის ცქრიალას, 2 სახეობის პეტნატს და 2 სახეობის ჭაჭას.

გამოგვყევით