logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ზამთრის პერიოდში სასტუმროს 50% უკვე დატვირთულია, რაც კარგი სეზონის მოლოდინს გვიქმნის - Gudauri Lodge

იანვარი, თებერვალი და მარტის თვეები უკვე 50%-ით დატვირთულია, რაც გვიქმნის მოლოდინს, რომ კარგი სეზონი გვექნება, - ამის შესახებ Gudauri Lodge-ს დირექტორმა ანდრო ვლასოვმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ჯავშნები ძირითადად შემოსულია ისრაელიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. 

"ნოემბერი როგორც წესი გარდამავალი, მოსამზადებელი თვე არის. დეკემბრიდან ეტაპობრივად ვიტვირთებით და სასტუმროს ნახევარი ზამთრის სეზონზე უკვე გაყიდულია. ჩვენი დამსვენებლების უმეტესობა უცხოელია, თუმცა ევროპული ქვეყნებიდან ნაკლებად. მთავარია, თოვლი მოვიდეს და კურორტი მზად იყოს, ჩვენ ძალიან დიდ დატვირთვას ველოდებით. ვფიქრობ, არა მარტო ჩვენთვის, არამედ სხვა სასტუმროებისთვისაც დადებითი სეზონი იქნება.

რაც შეეხება ფასებს - ჩვენ ყოველწლიურად გარკვეულწილად, დაახლოებით, 5%-ით ვზრდით სასტუმროს მომსახურების ღირებულებას. მაგალითად, წელს ზამთრის სეზონზე ჯავშნის გაკეთება 250 დოლარიდან არის შესაძლებელი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტად მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მასპინძლები ვართ. ჩვენ ვპოზიციონირებთ, როგორც კარგი სასტუმრო, რადგან ძალიან მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზების შესაძლებლობა გვაქვს. შესაბამისად, მომსახურება განსაზღვრავს ფასს", - აცხადებს ანდრო ვლასოვი. 

ცნობისთვის, გუდაურში მდებარე სასტუმრო Gudauri Lodge 121 ნომერს, სპას, სათხილამურო მაღაზიას და 2 რესტორანს მოიცავს. 

გამოგვყევით