2025 წლის 9 თვეში ელექტროენერგიის მიწოდებამ 11.5 ტვტ.სთ (ტერავატსაათი (TWh) — ენერგიის ერთეული, რომელიც ელექტროენერგიის მოცულობას აფასებს) შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, 10.4 ტვტ.სთ ადგილობრივი გენერაცია (- 8.6% წ/წ) დაფიქსირდა, ხოლო 1.1 ტვტ.სთ (+129.3% წ/წ) იმპორტი იყო.
"აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი წყაროებიდან დაიკლო, როგორც ჰესების, ისე თბოსადგურების გამომუშავებამ. ამასთან, 2025 წლის მესამე კვარტალში ოპერირება დაიწყო სამმა მზის ელექტროსადგურმა, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 10 მგვტ-მდეა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ადგილობრივი მოხმარება: 2025 წლის პირველ 9 თვეში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.2%-ით გაიზარდა და 10.6 ტვტ.სთ შეადგინა.
ექსპორტი: 2025 წელს ექსპორტის სეზონი, მაისში დაიწყო და ივლისში დამთავრდა. 2025 წლის 9 თვეში ექსპორტის მოცულობა შემცირდა 0.5 ტვტ.სთ-მდე (- 51.1% წ/წ), ხოლო საშუალო საექსპორტო ფასი კვტ.სთ- ზე 4.6 აშშ ცენტამდე (-1.8% წ/წ). შედეგად, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები განახევრდა (- 52.0% წ/წ) და 23.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სავაჭრო ბალანსი: 2025 წლის 9 თვეში საქართველო ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორი იყო, როგორც რაოდენობაში, ასევე ღირებულებაში. ამავე პერიოდში წმინდა იმპორტმა 7.8 მლნ აშშ დოლარი და 0.6 ტვტ. სთ შეადგინა.