logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"საქართველოს თუ მაღალი ხარისხის თაფლი ექნება, უცხოეთში საკუთარი ნიშის დაკავების შესაძლებლობა აქვს" - Honeybee

სტარტაპ კომპანია Honeybee-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, რევაზ კვისარიძის ინფორმაციით, საქართველოს თუ მაღალი ხარისხის თაფლი ექნება, უცხოეთში საკუთარი ნიშის დაკავების შესაძლებლობა აქვს.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" რევაზ კვისარიძე აღნიშნავს, ქართულ თაფლს ექსპორტზე გატანისას დიდი ბარიერები ხვდება, რადგან პროდუქტი ტვირთის განსაკუთრებულ კატეგორიაში გადის.

"არა ერთი მეფუტკრისგან და თაფლის მწარმოებლისგან ვიცი, რომ სხვადასხვა, საერთაშორისო, თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის შემდეგ თაფლს მინარევები შეურიეს. როგორც მოგეხსენებათ, ყველა კვლევა პროგრესირებადია, სიტუაცია იცვლება - მიღებული შედეგი შეიძლება, გაუცნობიერებელი შეცდომით იყოს გამოწვეული... ამასთან, არსებობენ მეფუტკრეები და მწარმოებლები, რომლებიც საკუთარ ნიშას არ ღალატობენ და ნედლეულს ტრადიციული მეთოდებით აწარმოებენ. შესაბამისად, მათი თაფლი უვნებელია. ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ თუ მაღალი ხარისხის თაფლი გვექნება, შეგვიძლია ექსპორტზე ჩვენი ნიშა დავიკავოთ. ზოგადად, ქართული თაფლი უნიკალურია.

უცხოეთში ძალიან ბევრ დაინტერესებულ პირს ვიცნობ, რომლებიც ქართული თაფლით ინტერესდება, თუმცა სამწუხარო, რეალობაა, რომ ექსპორტზე შეზღუდვებია დაწესებული. კერძოდ, ქართული თაფლის უცხოეთში გატანაზე, ჩემი აზრით, დიდი ბარიერები გვაქვს, აქედან გამომდინარე პოტენციური უცხოელი მომხმარებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხდება.  როგორც ინფორმაცია მაქვს, თაფლი ტვირთის განსაკუთრებულ კატეგორიაში გადის", - აცხადებს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

რევაზ კვისარიძე ადგილობრივი მომხმარებლების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ თვის განმავლობაში კომპანიას საშუალოდ 400-დან 500-მდე მყიდველი ჰყავს, დროის ანალოგიურ პერიოდში კი, მინიმუმ 250 კგ-მდე თაფლის რეალიზაციას ახდენს.

მისივე თქმით, ბოლო 6 თვის განმავლობაში გაყიდვების რაოდენობა პროგრესირებს.

"პარტნიორთან ერთად თაფლს თავად ვაწარმოებთ, ხოლო დანარჩენ ნედლეულს, რაც ჩირი და თხილეულია ადგილობრივ ბაზარზე, იმერეთში ვიძენთ. ლეჩხუმის მთებში მინიმუმ 20 სკა გვაქვს და 2 სახის თაფლს ვაწარმოებთ (წაბლის და ე.წ. მასის). ამჟამად, პროდუქციას სოციალური ქსელის საშუალებით ვყიდით, თუმცა სამომავლოდ ქსელურ მარკეტებში შესვლაზეც ვმუშაობთ. გაყიდვებს, რაც შეეხება თვის განმავლობაში საშუალოდ 400-დან 500-მდე კმაყოფილი მყიდველი გვყავს და დროის ანალოგიურ მონაკვეთში მინიმუმ - 250 კგ თაფლის რეალიზაციას ვახდენთ. ზაფხულის ჭრილში ქალაქის დატვირთულობა ნაკლები გახლავთ, შესაბამისად, რეალიზაციამ მოიკლო, რაც ბუნებრივია. ზოგადად, ბოლო 6 თვის განმავლობაში საშუალო მონაცემებს, თუ ავიღებთ პროდუქციის გაყიდვა პროგრესირებს, მაგალითად, ადრე თუ დღეში 2 შეკვეთა გვქონდა, ამჟამად, დღის განმავლობაში 15-დან 20 შეკვეთამდე გვაქვს. პროდუქციის შეფუთვას, რაც შეეხება საბოლოო იერსახეს თავად ვქმნით, ცხადია, აქ სტიკერზე დაპრინტვა არ იგულისხმება. 

ასორტიმენტის გაზრდას, რაც შეეხება დღევანდელ ბაზარზე მოგეხსენებათ, მთავარი ამოსავალი წერტილი ჯანსაღი კონკურენციაა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე იდეები ძალიან ბევრი გვაქვს, თუმცა ასორტიმენტის გაზრდის კუთხით რას ვაპირებთ ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ", - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი. 

ცნობისთვის, სტარტაპ კომპანია Honeybee იმერეთში, ქუთაისში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 1 წელია ოპერირებს.

გამოგვყევით