ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამართულ მოსმენაზე დეპუტატების კითხვებს სამინისტროს ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით უპასუხა.
მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2025 წლის 9 თვის ბიუჯეტი 91.5%-ით შეასრულა. მისივე თქმით, სამინისტროს მართვაში არსებული უწყებების შედეგები ასეთია: საავტომობილო გზების დეპარტამენტი – გეგმის 92% შესრულება; სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ – 83%; შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – გეგმის 98%.
„რიგ შემთხვევებში გვაქვს ქვეპროგრამები, სადაც დაფიქსირდა როგორც გადაჭარბებები, ასევე გარკვეული გამოწვევები,“ – აღნიშნა სოხაძემ.
მინისტრის განმარტებით, წლიური ბიუჯეტის შეუსრულებლობის მიზეზი ძირითადად დაკავშირებულია დიზაინ-ბილდის პრინციპის შეცვლასთან და ახალი პროექტირების მოდელის დანერგვასთან.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტიპიური პროექტების მომზადება სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, მომავალ წლებში პროექტები გაცილებით სწრაფად განვახორციელოთ და სამინისტროსათვის ხელმისაწვდომი რესურსი სრულად ავითვისოთ,“ – განაცხადა მინისტრმა.
სოხაძის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამშენებლო კომპანიებს პარტნიორებად განიხილავს, თუმცა ახალი მიდგომები მოითხოვს მკაფიო წესების დაცვას.
„ვერანაირი კომპრომისი ხარისხთან და ვადებთან დაკავშირებით ვერ მოხდება. ყველა კომპანია უნდა მოერგოს ახალ თამაშის წესებს – ვინც ვერ მიიღებს ამ პრინციპებს, მასთან, სამწუხაროდ, მოგვიწევს თანამშრომლობის შეწყვეტა. სხვებმა კი უნდა შეცვალონ დამოკიდებულება და იმოქმედონ უფრო პასუხისმგებლიანად,“ – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, მიმდინარე გარდამავალი პერიოდი შესაძლოა მოიცავდეს გარკვეულ სირთულეებს, თუმცა საბოლოო შედეგი იქნება ჯანსაღი, გამჭვირვალე და ეფექტური.
„სახელმწიფო და საჯარო ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული. საბოლოო ჯამში მივიღებთ უფრო ხარისხიან ინფრასტრუქტურას, რაც საქართველოს ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი საფუძველი და წინაპირობაა,“ – დასძინა რევაზ სოხაძემ.