სტარტაპ კომპანია Honeybee-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, რევაზ კვისარიძის ინფორმაციით, თვის განმავლობაში კომპანიას საშუალოდ 400-დან 500-მდე მომხმარებელი ჰყავს, დროის ანალოგიურ პერიოდში კი, მინიმუმ 250 კგ-მდე თაფლის რეალიზაციას ახდენს.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" რევაზ კვისარიძე აღნიშნავს, ბოლო 6 თვის განმავლობაში გაყიდვების რაოდენობა პროგრესირებს.
"პარტნიორთან ერთად თაფლს თავად ვაწარმოებთ, ხოლო დანარჩენ ნედლეულს, რაც ჩირი და თხილეულია ადგილობრივ ბაზარზე, იმერეთში ვიძენთ. ლეჩხუმის მთებში მინიმუმ 20 სკა გვაქვს და 2 სახის თაფლს ვაწარმოებთ (წაბლის და ე.წ. მასის). ამჟამად, პროდუქციას სოციალური ქსელის საშუალებით ვყიდით, თუმცა სამომავლოდ ქსელურ მარკეტებში შესვლაზეც ვმუშაობთ. გაყიდვებს, რაც შეეხება თვის განმავლობაში საშუალოდ 400-დან 500-მდე კმაყოფილი მყიდველი გვყავს და დროის ანალოგიურ მონაკვეთში მინიმუმ - 250 კგ თაფლის რეალიზაციას ვახდენთ. ზაფხულის ჭრილში ქალაქის დატვირთულობა ნაკლები გახლავთ, შესაბამისად, რეალიზაციამ მოიკლო, რაც ბუნებრივია. ზოგადად, ბოლო 6 თვის განმავლობაში საშუალო მონაცემებს, თუ ავიღებთ პროდუქციის გაყიდვა პროგრესირებს, მაგალითად, ადრე თუ დღეში 2 შეკვეთა გვქონდა, ამჟამად, დღის განმავლობაში 15-დან 20 შეკვეთამდე გვაქვს. პროდუქციის შეფუთვას, რაც შეეხება საბოლოო იერსახეს თავად ვქმნით, ცხადია, აქ სტიკერზე დაპრინტვა არ იგულისხმება.
ასორტიმენტის გაზრდას, რაც შეეხება დღევანდელ ბაზარზე მოგეხსენებათ, მთავარი ამოსავალი წერტილი ჯანსაღი კონკურენციაა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე იდეები ძალიან ბევრი გვაქვს, თუმცა ასორტიმენტის გაზრდის კუთხით რას ვაპირებთ ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ", - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.
ცნობისთვის, სტარტაპ კომპანია Honeybee იმერეთში, ქუთაისში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 1 წელია ოპერირებს.