ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად მუშაობს ეკონომიკის მინისტრი, ეკონომიკის სამინისტრო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამუშაოები გრძელდება და მოლაპარაკებებიც ბოლომდე იქნება მიყვანილი.
"ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად მუშაობს ეკონომიკის მინისტრი, ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენ გვინდა, რომ აქაც მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ასეთ პირობებში, თავისი დრო მიაქვს მოლაპარაკებებს, თუმცა ეს არის საჭირო, აუცილებელი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც არის საჭირო. საბოლოო ჯამში, მთავარი არის ის, რომ ამის მიუხედავად, არ ფერხდება პროექტის განხორციელება, გრძელდება დაღრმავების და ტალღმჭრელების მოწყობის სამუშაოები, რაც კეთდება ჩვენი რესურსით. ეს სამუშაოები გრძელდება. რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ მოლაპარაკებებსაც", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას და გეოპოლიტიკურ პოზიციას მნიშვნელოვნად გააძლიერებდა. კერძოდ, პორტი წარმოადგენს სტრატეგიულ დერეფანს, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, რეგიონული ჰაბი გახდეს.