„ზუსტად ვიცით, რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში, მინისტრთა კაბინეტში განაწილებული გვაქვს ფუნქციები. ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ საქართველოს ექნება სტაბილური, მდგრადი, მრავალფეროვანი ეკონომიკა. გარანტიას ვიძლევით სამართლიანობაზე - ყველას, ვინც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში, ვინც ინვესტიციებს დებს ჩვენს ქვეყანაში, არ გავუცრუებთ იმედებს“ - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელურ სესიაზე „საქართველო - ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობას აქვს ძალიან მკაფიო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მისივე განცხადებით, პოზიციონირება მოხდება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებით, რომ ქვეყანა ნამდვილ ჰაბად ჩამოყალიბდეს.
შეგახსენებთ, თბილისში, დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22 -23 ოქტომბერს ტარდება და მასში მონაწილეობას მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში ფორუმი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ბრენდად და მაღალი დონის პლატფორმად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისითვის, ასევე ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.