"ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას" და "გრინ ენერჯი ჰოლდინგის" მმართველი დირექტორის, გიორგი შუკაკიძის ინფორმაციით, ენერგეტიკის დარგში საინვესტიციო გარემო მიმზიდველია, რადგან სექტორში დეფიციტური ბაზარია.
როგორც გიორგი შუკაკიძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, დარგში მთელი რიგი პრობლემებია.
"სადაც მოთხოვნაა იქ მიწოდების აუცილებლობა დგება. აქედან გამომდინარე, დარგში ჩვენი მსგავსი კომპანიების მხრიდან ინვესტირება მნიშვნელოვანია.
ზოგადად, გამოწვევები დიდია, აღნიშნული მიმართულებით მთელი რიგი ღონისძიებები ტარდება და ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში პრობლემები, სხვადასხვა რეფორმის გზით გადაიჭრება. შესაბამისად, იმედია, ვინც ჩვენს დარგში სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსების საშუალება მოგვეცემა", - აღნიშნავს გიორგი შუკაკიძე.
"ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას" მმართველი დირექტორი კომპანიაში არსებული პროექტების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ აღნიშნულ ნაწილში ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით $150 მლნ-ია.
"ჩვენი კომპანია რამდენიმე ჰიდროელექტრო სადგურს ფლობს, რომელიც ენერგეტიკულ სექტორში წარმატებით ოპერირებს. სხვა განახლებადი პროექტებიც გვაქვს, როგორიცაა - ქარის ელექტროსადგური, რომელიც ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურიც გვაქვს, რომელიც განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა. აღნიშნულ ნაწილში ჯამური ინვესტიცია დაახლოებით $150 მლნ-ია, დადგმული სიმძლავრე კი 80-85 მეგავატის ოდენობით გახლავთ. შესაბამისად, დიდი შესაძლებლობებია როგორც ინტელექტუალური კუთხით, ასევე ფინანსური რესურსით, ამიტომ სახელმწიფო სტრუქტურებიდან დროულ გადაწყვეტილებებს ველოდებით. დაყოვნებული გადაწყვეტილებები ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოებაა", - აცხადებს გიორგი შუკაკიძე.