logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

BlueTabla თბილისში ორი ბრენდული მაღაზიის დამატებას გეგმავს

BlueTabla თბილისში ორი ბრენდული მაღაზიის დამატებას გეგმავს, - ამის შესახებ ქართული ისტორიის, ხელოვნების, ტრადიციების და კულტურის მოტივებზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების კომპანიის Bluetabla-ს წარმომადგენელმა გიორგი შენგელიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ახალი ფილიალები "ისთ ფოინთსა" და "აქსისის სავაჭრო ცენტრში" დეკემბერში გაიხსნება და აღნიშნულ პროექტში ჯამში, დაახლოებით, 200 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.

"ჩვენ მიმდინარე წელს 2 ფილიალი დავამატეთ. ერთი თბილისში, ბამბის რიგში, ხოლო მეორე რუსთავში. ამჟამად ჯამში 12 ობიექტი გვაქვს, მათ შორის, გორში, ბათუმში და ქუთაისში. კომპანიის გაყიდვები წლიდან წლამდე მზარდია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები, დაახლოებით 20-25%-ით გაიზარდა. 

რაც შეეხება ასორტიმენტს - მინანქრის ახალი ტიპის სამკაულები დავამატეთ და გარდა ამისა, მუდმივად ვამატებთ დიზაინებს ყველა პროდუქტში", - აცხადებს გიორგი შენგელია.

თბილისის გარდა BlueTabla რეგიონების კუთხით გაფართოებასაც გეგმავს. მათ შორის, სამომავლოდ კომპანია ბრენდული მაღაზიის გახსნას ზუგდიდში განიხილავს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, საახალწლო კორპორატიული შეკვეთები უკვე აქტიურია და მოთხოვნა ამ კუთხით სტაბილურად მზარდია. 

ცნობისთვის, Bluetabla ბაზარზეა 2014 წლიდან და დღესდღეობით ასაქმებს 67 ადამიანს. კომპანია ფლობს 12 მაღაზიას, მათ შორის, 8 თბილისში მდებარეობს. ასევე მოქმედებს ონლაინ www.bluetabla.ge, რომლის მეშვეობით  პროდუქციის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი.

გამოგვყევით