წელიწადში, დაახლოებით, 1 მლნ ლარამდეა ის თანხა, რასაც პირდაპირი გზით იბრუნებს მომხმარებელი სააგენტოსადმი მომართვის შედეგად, ჩვენთან შემოსული საკითხების 90 % წყდება მომხმარებლის სასარგებლოდ 55-%-ით არის გაზრდილი მომხმარებლების მომართვიანობა სააგენტოსადმი, თუ შევადარებთ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერს გასული წლის ამავე პერიოდს, - ამის შესახებ GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ „რადიო იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იცის საკუთარი უფლებების შესახებ.
ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ GCCA-ში შესული განცხადებების 90 % მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება.
„წელიწადში, დაახლოებით, 1 მლნ ლარამდეა ის თანხა, რასაც მომხმარებელი პირდაპირი გზით იბრუნებს სააგენტოსადმი მომართვის შედეგად. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ნივთს უკან არ იბრუნებენ მოვაჭრეები, ან არ ცვლიან.სექტორულ ნაწილს თუ დავაკვირდებით, ონლაინ ვაჭრობას უჭირავს 70 %, ძირითადად არის საბითუმო და საცალო ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სექტორი, ყიდულობენ ტანსაცმელს, ტექნიკას და ა.შ. საუბარია ქართულ კომპანიებზე და ასევე უცხოეთიდან გამოწერილ ნივთებზე, რომლის ტრანსპორტირებასაც ახდენს ქართული კომპანიები,“- განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ბოლო წლებში გაზრდილია დარღვევები იმ მცირე და საშუალო კომპანიების ნაწილში, რომლებიც სოციალურ ქსელებში ოპერირებენ. „ბოლო წლებს თუ შევხედავთ, გაზრდილია დარღვევების მაჩვენებელი. თუ ადრე პირობითი შეთანხმების ვალდებულებები ჭარბობდა, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი, მოვაჭრე და ჩვენ ვთანხმდებით, რომ დაბრუნდება თანხა, ან აღდგება მომხმარებლის დარღვეული უფლება და გასწორდება სავაჭრო პოლიტიკა, წელს გაზრდილია დარღვევების წილი მცირე და საშუალო კომპანიების ხარჯზე, რომლებიც სოციალურ ქსელებში არიან წარმოდგენილები. რაც შეეხება მსხვილ კომპანიებს, აქ პრაქტიკულად პრობლემა არ გვაქვს, პრობლემის შემთხვევაში ვთანამშრომლობთ და მომხმარებლის სასარგებლოდ ხდება, ძირითადად, საკითხის გადაწყვეტა, ვინაიდან კმაყოფილი მომხმარებელი მსხვილი კომპანიების მარკეტინგულ სტრატეგიაში არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი,“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.