logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ჩაი მამათი" ასორტიმენტის ხაზს აფართოებს

კომპანია "ჩაი მამათი", რომელიც ლანჩხუთის რაიონში, სოფელ მამათში  მდებარეობს, ახალი წლიდან ასორტიმენტის ხაზს აფართოებს და ამჟამად, არსებულ 2 სახის პროდუქტს (შავი და მწვანე ჩაი)  ხილის არომატის ჩაის უმატებს. 

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის დამფუძნებელი, დირექტორი კახა ურუშაძე აღნიშნავს, საწყის ეტაპზე ახალი, ხილის არომატის პროდუქტი "გუდვილში" მოცვისა და ლიმონის არომატით გამოჩნდება. მისივე თქმით, ასორტიმენტის გაზრდის გადაწყვეტილება მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღო.

კახა ურუშაძე გაყიდვების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ თვეში მინიმუმ 400 ჩაის კოლოფი იყიდება. რაც შეეხება პროდუქციის წარმადობას, კომპანიამ 24 თვეში 10 ტონამდე ჩაის ფოთოლი მიიღო.

"შავ და მწვანე ჩაის ერთჯერადი პაკეტების სახით ვყიდით. ახალი წლიდან ხილის არომატის ჩაის დამზადებას ვაპირებთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ნატურალური დანამატით იქნება, ადამიანისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო. ჩვენი ხაზის ბიზნესისთვის, სხვადასხვა, ტიპის პროდუქტი აუცილებელია. ამასთან, მომავალ წელს წარმადობის გაზრდა გარდაუვალია, ამ სეზონზე 4-5 ტონა პროდუქცია უნდა დავამზადოთ, ანუ 20 ტონა ფოთოლი უნდა მოვკრიფოთ", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

ასევე, "ჩაი მამათის" დირექტორის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პროდუქციის რეალიზაცია გაორმაგდა.

"გაყიდვების რაოდენობა დადებითი დინამიკით მიდის - შარშან "გუდვილში", როდესაც შევედით, დეგუსტაციაც ჩავატარეთ, მომხმარებელს, როგორც ჩანს, პროდუქცია მოეწონა, თუმცა გარკვეული სახის პრობლემაც გვაქვს - მარკეტინგი. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მარკეტინგული ჩართულობა, რომ ჩვენს შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიგოს.

სუფთა პროდუქტს ვაწარმოებთ, რომელსაც არაჯანსაღი დანამატი არ აქვს.  რაც შეეხება ნედლეულს, გარდა ჩვენი ჩაის პლანტაციისა (14 ჰექტარი) ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგანაც ვიძენთ. ბაზარზე "გუდვილში" ვართ წარმოდგენილი, თუმცა გვინდა, რომ გავფართოვდეთ და ქსელური მარკეტები მოვიცვათ. ამ ეტაპზე, მოლაპარაკება "ნიკორასთან", "ფრესკოსთან" მიმდინარეობს. ამასთან, პროდუქციას სოციალური ქსელის მეშვეობითაც ვყიდით", - აცხადებს კახა ურუშაძე.

წარმოების ხელმძღვანელი ექსპორტის მნიშვნელობასაც განიხილავს. მისი თქმით, კომპანიის მთავარი მიზანი - პროდუქციის უცხოეთში გატანაა.

"ამჟამად, პროდუქციის ნიმუშები საბერძნეთში, იტალიაში, აშშ-ში გადავაგზავნეთ, ლაბორატორიამ შეამოწმა და უმაღლესი შეფასება მივიღეთ. პროდუქციის გატანა ევროკავშირის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გვინდა. საექსპორტო ხაზის მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს, თუმცა დამატებით დეტალებს ამ ეტაპზე, ვერ დაგიკონკრეტებთ", - აცხადებს "ჩაი მამათის" დირექტორი.

ცნობისთვის, კომპანია "ჩაი მამათი" ლანჩხუთის რაიონში, სოფელ მამათში  მდებარეობს, პლანტაცია გაშენებული 14 ჰექტარზე აქვს. კომპანია ადგილობრივ ბაზარზე 2 წელია ოპერირებს.

გამოგვყევით