logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"დიკა'ს მოჩი" ონლაინ ბაზრის ათვისებას გეგმავს - კომპანია Wolt-სა და Glovo-ზე გამოჩნდება

"დიკა'ს მოჩი" ონლაინ ბაზრის ათვისებას გეგმავს - კომპანია უახლოეს პერიოდში Wolt-სა და Glovo-ზე გამოჩნდება, - ამის შესახებ ქართული დესერტების ბრენდის "დიკა'ს მოჩის" დამფუძნებელმა დიანა შუბითიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მისივე თქმით, კომპანია წარმოებასა და გაყიდვის არხებს ეტაპობრივად აფართოებს და მათი ფოკუსი ამჟამად მოჩიზეა, რომელიც მომხმარებელში ყველაზე მაღალი მოთხოვნით სარგებლობს.

"კომპანიის გაყიდვები სტაბილურია. იყო პერიოდი, როდესაც ე.წ. ბუმი იყო და დამზადებასაც ვერ ვასწრებდი, თუმცა ახლა სიტუაცია დასტაბილურდა. მოთხოვნა უფრო მეტად მოჩის მიმართულებით არის, რადგან დუბაის შოკოლადი უფრო ძვირი სიამოვნებაა და შესაბამისად, მოჩი უფრო მოთხოვნადია. ჩემი პროდუქცია ონლაინ იყიდება, მათ შორის, Yandex Food-ზე და უახლოეს მომავალში Wolt-სა და შემდეგ Glovo-ზეც დავემატებით. ვფიქრობ, რომ აღნიშნულ პლატფორმაზე გამოჩენის შემდეგ კომპანიის გაყიდვები უფრო მეტად გაიზრდება. 

რაც შეეხება კონკურენციის საკითხს - სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი მოჩი კონკურენციას ვერ მიწევს. ამის მიზეზი მარტივია. ჩემი მოჩი ნატურალური პროდუქტებით და ხელით იქმნება. გარდა ამისა, ყოველთვის ახალი პროდუქცია გვაქვს, ხოლო იმპორტირებული პროდუქცია დიდი ხნის არის და ისეთი გემო და არომატები არ აქვს, როგორიც ჩემს მოჩს". 

ტოპ გაყიდვადი პროდუქტი კლასიკური არომატებია, მათ შორის, გამორჩეულად მოთხოვნადია, ვანილი კარამელით, ალუბალი და მარწყვი", - აცხადებს დიანა შუბითიძე. 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - კომპანია მუდმივად ამუშავებს ახალ რეცეპტებს და გარდა ამისა, სამომავლოდ მათი მიზანი კაფე-საწარმოს გახსნაა. 

"დიდი სურვილი მაქვს კაფე-საწარმო გავხსნა, სადაც მომხმარებელს ჩვენი დესერტების დაგემოვნება შეეძლება. თუმცა აღნიშნული გარკვეულ ინვესტიციას მოითხოვს და ამ ეტაპზე, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას", - აღნიშნა, მან. 

ცნობისთვის, "დიკა'ს მოჩი" ბაზარზე, დაახლოებით, 3 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიას 22 დასახელების პროდუქტი აქვს, მათ შორის, მოჩი და დუბაის შოკოლადი. კომპანიას მოჩისთვის წებოვანი ბრინჯის ფქვილი უცხოეთიდან შემოაქვს, ხოლო დანარჩენ ინგრედიენტებს ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს. 

გამოგვყევით