"კოლოტი" ადგილობრივი ბაზრის ათვისებას და რეგიონებში გასვლას გეგმავს. როგორც მეღვინეობის დამფუძნებელმა და დირექტორმა პაატა ლეკიაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, მათი პროდუქცია ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში იყიდება.
მისივე ინფორმაციით, თბილისში "კოლოტის" პროდუქციის მიმართ ინტერესი მზარდია და ობიექტები ყოველ კვირეულად ივსება.
"ჩვენი მეღვინეობა ბაზარზე მიმდინარე წლის თებერვალში გამოჩნდა. ამასთან, თბილისში ღვინის საერთაშორისო გამოფენა "ექსპო ჯორჯია" ჩატარდა, სადაც ოქროს მედალი მოვიპოვეთ. გარდა ამისა, შესაძლებლობა მოგვეცა მონაწილეობა მიგვეღო საერთაშორისო ფესტივალზე გერმანიაშიც, სადაც ასევე, ოქროს მედალი მოვიპოვეთ. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი ცნობადობა გაიზარდა და შესაბამისად, მოთხოვნაც იზრდება.
ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე ღვინის მაღაზიებში ვართ წარმოდგენილი, მათ შორის, "8000 მოსავალში" და აქტიურად გვაქვს მოლაპარაკებები სხვა ობიექტებთან.
რაც შეეხება უცხოურ ბაზრებს - ისევ მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ და ჯერჯერობით ექსპორტი არ განხორციელებულა. ჩემი შეფასებით, საკმაოდ რთულად და ძნელად მიმდინარეობს ეს მიმართულება, რისი მიზეზიც, უცხოურ ქვეყნებში საკმაოდ რთული ბიუროკრატიული პროცესებია. რა თქმა უნდა, აღნიშნული მიმართულებით აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, თუმცა ჯერჯერობით ორიენტირებული ადგილობრივ ბაზარზე ვართ", - აცხადებს პაატა ლეკიაშვილი.
ცნობისთვის, ბიო მეღვინეობა "კოლოტის" 10 ჰა-ზე გაშენებული ვენახი და მარანი, ახმეტის რაიონის სოფელ ალავერდში მდებარეობს. მეღვინეობის წლიური წარმადობა კი, დისტილატების (გამოხდილი პროდუქცია) კუთხით 16 000 ბოთლია, ხოლო ღვინის კუთხით ჯამში 75 000 ბოთლამდე. მეღვინეობა, ჯამში 2 დასახელების ღვინოსა და 2 დასახელების ჭაჭას აწარმოებს.