"სამმოსი" მიმდინარე წელს, 2 ბერნდული მაღაზიის დამატებას გეგმავს , - ამის შესახებ ქართული ბრენდის "სამმოსის" დამფუძნებელმა გვანცა კოკოლაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ფილიალი ბათუმში იქნება, ხოლო მეორე თბილისში დაემატება, რაც პროდუქციაზე მოთხოვნას გაზრდის.
გვანცა კოკოლაძის თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები, დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა,მომხმარებლების 95% ქართველია.
"თბილისში არსებულ შოურუმში გვაქვს მზა პროდუქცია, თუმცა ძირითადად კერძო შეკვეთებზე ვმუშაობთ. ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ - ესენია ტანსაცმელი და ჩანთები. ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქცია ქართული სიმბოლიკის კაშნე, რომელზედაც საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კლასიკური სამოსის მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა, რამაც შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა", - აცხადებს გვანცა კოკოლაძე.
ცნობისთვის, ქართული ბრენდი "სამმოსი" 2021 წლის სექტემბერში დაარსდა. თავდაპირველად, კომპანიის პროდუქცია ონლაინ იყიდებოდა, თუმცა შემდეგ თბილისში სამკერვალო და შოურუმი გახსნეს. კომპანია როგორც ქალის, ისე მამაკაცის სამოსსა და ჩანთებს აწარმოებს.