logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4.4%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4.4%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

1760951779

"საქსტატის" ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 4.4 პროცენტიანი მატება.

2025 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასები 6.5 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.44 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.9 პროცენტი), რამაც 0.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (1.7 პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 0.1 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.02 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: 

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 17.9 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (24.0 პროცენტი); 
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 2.6 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2.07 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (5.1 პროცენტი) და სასმელებზე (4.7 პროცენტი);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 11.6 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.18 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

რაც შეეხება ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსს - აღნიშნული მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა.

ამავე პერიოდში ფასების 1.0 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 5.1 პროცენტით გაიზარდა. სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები 0.2 პროცენტით შემცირდა, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 4.4 პროცენტით გაიზარდა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 10.7 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე ფასები არ შეცვლილა.

გამოგვყევით