უძრავი ქონების ბაზრის კონსულტანტის, ნინი მარიამიძის განცხადებით, სამშენებლო სექტორში მომხმარებელთა ნდობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ წარსულში სანდოობა კომპანიის პირად კაპიტალზე იყო დამოკიდებული, დღეს მყიდველისთვის ძირითადი კრიტერიუმი საბანკო დაფინანსებაა.
როგორც ნინი მარიამიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ აღნიშნა, მომხმარებლებისთვის ყველაზე მისაღები პირობები გრძელვადიანი განვადება და მინიმალური პირველადი შენატანია, რაც დეველოპერებისთვის შესაძლოა ფინანსურად მომგებიანი არ იყოს.
"მომხმარებლისთვის ადრე სანდოობის კუთხით მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, თუ სამშენებლო კომპანია თავისი პირადი რესურსებით აშენებდა, ხოლო ახლა მომხმარებლისთვის ყველაზე სანდო სამშენებლო კომპანია არის ის, ვისაც ბანკი აფინანსებს.
ყველაზე მეტად მომხმარებლის ინტერესებია დაცული, როდესაც განვადება არის გრძელვადიანი და მინიმალური შენატანებით იხდის, თორემ კომპანიებისთვის ფინანსურად ეს ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ კომპანიებს ამ პირობებზე წასვლა უწევთ. დღეს რომ გადახედოთ ბაზარს - ყველა პროექტი იქნება ეს ეკონომი, თუ პრემიუმი მომხმარბელებს ამ პირობებს სთავაზობს.
დაახლოებით, 1 წელია რაც დამოუკიდებელი კონსულტანტის როლში ვარ და მანამდე სხვადასხვა დეველოპერული კომპანიის თანამშრომელი ვიყავი. ყველა მენეჯმენტთან პირველი შეხვედრა იწყებოდა იმის დამტკიცებით, რომ უკეთესია გაყიდვების დაწყებამდეб სწორად დაგეგმვისთვის დაიხარჯოს დრო, რაც შემდეგ რეალურად დაგვიზოგავს დროს.
ახლა ჩვენ შევიმუშავეთ კურსი, რეალურად კვალიფიკაციის პრობლემაა და არ არსებობს დღეს საქართველოში ადგილი, სადაც მიხვალ და დეველოპმენტს ისწავლი. ადამიანებს გვიწევს, რომ ეს ცოდნა პირადი გამოცდილებით მივიღოთ. ძალიან სპეციფიკური სფეროა. შესაბამისად, ჩვენ ავაგეთ უძრავი ქონების გაყიდვებისა და მარკეტინგის კურსი,სადაც ვფიქრობ, რომ ეს კურსი უნდა გაიაროს არა მხოლოდ გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერებმა, არამედ კომპანიის დამფუძნებლებმაც", - აცხადებს ნინი მარიამიძე.