საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო საბარათე სქემა Visa-ს წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, ერთობლივი პროექტები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
შეხვედრისას სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ Visa-ს ღირებული წვლილი შეაქვს სებ-ის ფინანსური განათლების პროექტების განხორციელებაში. მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს Visa-სთან სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაზე თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება აქვს და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.
ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ წლების განმავლობაში ოპერაციული უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანი ზომები გატარდა VISA-ს არსებითი მხარდაჭერით. აღსანიშნავია მომხმარებლის მკაცრი ავთენტიფიკაციის (SCA) სფერო, სადაც ამჟამად ინერგება სისტემის განახლებები და ავთენტიფიკაციის ახალი მექანიზმები.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს.
დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები – ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ციცნაძე.