logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

Kursi.ge სომხეთისა და სერბეთის ბაზარზე გასასვლელად ემზადება

ვალუტის ონლაინ კონვერტაციის პირველი პლატფორმა Kursi.ge დღეში უკვე 6 000-ზე მეტ ტრანზაქციას ახორციელებს და ბაზარზე აქტიური ზრდით გამოირჩევა. კომპანიის თანადამფუძნებლის გიორგი აგლაძის თქმით, KURSI.GE-ის მთავარი მიზანი უცხოურ ბაზრებზე გასვლაა. 

როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, KURSI.GE აქტიურად განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ პლატფორმაზე მომხმარებლების რიცხვი გაიზარდოს და უახლოეს მომავალში ბაზარზე აპლიკაციას გამოუშვებს.

"ჩვენ დაახლოებით, 1.5 წელია, რაც ვფუნქციონირებთ. 1 წელი სატესტო რეჟიმში ვიყავით, ხოლო 3 თვის წინ ეროვნულმა ბანკმა ჩვენზე დაკვირვებით გამოსცა რეგულირება, რის საფუძველზეც დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი და მოიპოვონ ლიცენზია. საკმაოდ რთული მოთხოვნებია. ჩვენ, როცა რეგულირება გამოიცა 1 თვეზე მეტი ვემზადებოდით და შემდეგ შევიტანეთ განაცხადი, დავაკმაყოფილეთ მოთხოვნები და მივიღეთ ლიცენზია. 

საკმაოდ დიდი მოხმარება გვაქვს - 100 000-მდე მომხმარებელია ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებული, მათ შორის, 5 000 არის ბიზნესი. ამასთან, ყოველდღიურად 6 000 ტრანზაქციას ვახორციელებთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული სერვისის საჭიროება იყო და ეროვნულმა ბანკმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა განაცხადების მიღება დაიწყო. 

მომხმარებლები ბევრად დაცულები არიან. ეროვნული ბანკის მხრიდან არის ისეთი მოთხოვნები როგორიც არის მინიმალური კაპიტალი, ლიკვიდობის მოთხოვნა, საოპერაციო და კიბერუსაფრთხოების მოთხოვნები.  საკმაოდ დიდია მოთხოვნები, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებელი მშვიდად იყოს. 

ინტერნეტ სივრცეში შეფერხებები აქვს უმსხვილეს კომპანიებსაც. ჩვენს შემთხვევაში ეს შეიძლება გამოიხატებოდეს იმაში, რომ გარკვეული დროით შესაძლოა მომხმარებლების მომსახურება ვერ მოვახერხოთ, თორემ ფინანსური ზარალი მათ არ მიადგება. 

თავიდან ბოლომდე ვართ amazon-ის სერვერებზე, ასევე ეროვნული ბანკის რეგულირებაში ეს ელემენტიც დაცულია, ითხოვენ ძალიან ბევრ საკითხს, მათ შორის, IT აუდიტს და სხვა.

არ გვინდა, რომ საქართველოს ბაზრით შემოვიფარგლოთ. შესაბამისად, გვაქვს გარკვეული გეგმები.  შერჩეული გვაქვს ქვეყნები და ვესაუბრებით რეგულატორებს, მათ შორის, სომხეთში და სერბეთს. პირველ რიგში ვაკვირდებით რამხელაა ბაზარი და რამდენად მსგავსია ჩვენთან. აუცილებელია იყოს ღია ეკონომიკა და ვაჭრობა, რომ იყოს დიდი მოცულობის გადახურდავებები", - აღნიშნა გიორგი აგლაძემ.

გარდა ამისა, მან სავალუტო კონვერტაციის ბაზარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკმაოდ მსხვილი ბაზარია და წლიურად 20-22%-ით იზრდება. 

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული KURSI.GE არის ვალუტის ონლაინ კონვერტაციის პირველი პლატფორმა, რომელიც ბაზარზე 2024 წელს გამოჩნდა. KURSI.GE მომხმარებლებს ვალუტის კონვერტაციას ჯიხურის კურსით სთავაზობს.

სტარტაპი GITA-ს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

გამოგვყევით