logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"თუ ომი მოსალოდნელზე მეტხანს გაგრძელდა, ეს გამოიწევს ძვირფასი ქვების გაძვირებას, მათ შორის - ბრილიანტის"

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა, საქართველოში, ოქროს ნაკეთობების რეალიზაცია შეამცირა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“„ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ  განუცხადა, მარტის თვეში, მის კომპანიას გაყიდვები 10%-ით შეუმცირდა.

„როგორც წესი, დღესასწაულების გამო, მარტში მაღალი ნავაჭრი გვაქვს ხოლმე. ზოგადად, ეს თვე საიუველირო ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, წელს, ომის ფაქტორმა დიდი გავლენა იქონია მოსახლეობის განწყობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ირანი საქართველოსთან გეოგრაფიულად საკმაოდ ახლოს მდებარეობს, მოსახლეობაში უსაფრთხოების განცდა შემცირდა, ამიტომ, ბუნებრივად შემცირდა ოქროს ნაკეთობებზე მოთხოვნა და გაყიდვებიც“, - განმარტა თორნიკე სამხარაძემ.

მან ნედლეულის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მწარმოებლებს შესასყიდი სუფთა ოქრო, ომის დაწყების შემდეგ, გაუიაფდათ.

„28 თებერვლის შემდეგ, 1 უნცია ოქროს ღირებულება, დაახლოებით, 300 დოლარით არის შემცირებული. ეს აისახა ნედლეულის ფასებზეც და თუ მანამდე 1 გრამ ოქროში 440 ლარს ვიხდიდით, ახლა მას 410 ლარად ვყიდულობთ. ფაქტობრივად, 30 ლარით გაიაფდა ნედლეული, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ მარაგები გაგვეკეთებინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ნაკეთობებზე ფასების შენარჩუნების პოლიტიკა გაგრძელდება. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი - თუ ახლო აღმოსავლეთში ომი მოსალოდნელზე მეტხანს გაგრძელდა, ეს გამოიწევს ძვირფასი ქვების გაძვირებას, მათ შორის ბრილიანტის, რომელიც ჩვენი ნაკეთობების წარმოებისას აქტიურად გამოიყენება, ამიტომ, რისკებს ამ კუთხითაც ვხედავთ“, - განმარტა თორნიკე სამხარაძემ.

ცნობისთვის, ირანში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტმა ერთადერთი ძვირფასი საინვესტიციო აქტივი, რაც შედარებით გააიაფა - ოქრო იყო. როგორც წესი, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების დროს, ოქროს ფასი მყისიერად იზრდება ხოლმე, თუმცა ამ ომის შემთხვევაში საერთოდ სხვა რეალობა დადგა და ძვირფასი მეტალების ბირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია დაფიქსირდა. მეტიც, იანვრის თვეში დაფიქსირებულ რეკორდულ 5,600 დოლართან შედარებით, დღეს ოქროს ღირებულება თითქმის 800 დოლარით არის შემცირებული. ამჟამად, 1 უნცია ოქრო 4,812 დოლარად ივაჭრება.

გამოგვყევით