ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, (სააღდგომო პერიოდში) გაყიდვების, დაახლოებით, 30%-იანი მატება ფიქსირდება, - ამის შესახებ საკონდიტრო კომპანია "ტკბილი ქვეყნის" გაყიდვების დირექტორმა შალვა ტყემალაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, გაზრდილია როგორც საცალო, ისე კორპორატიული გაყიდვები.
"ჩვენი პროდუქცია მოგეხსენებათ, რომ ქსელურ მარკეტებშიც იყიდება. მაღაზიებიდან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლები ჩვენ სააღდგომო პროდუქციას აქტიურად ყიდულობენ.
გარკვეული გამოწვევები იყო ბაზარზე, მათ შორის, ნედლეულის გაძვირებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ შევძელით და ფასები დიდი სხვაობით არ დაგვიკორექტირებია. კერძოდ, გარკვეულ პროდუქციაზე იგივე ფასი შევინარჩუნეთ, რაც წინა წელს იყო, ხოლო ნაწილზე მცირედით მოგვიწია გაზრდა", - აცხადებს შალვა ტყემალაძე.
მანვე აღნიშნა, რომ ძირითადად კლასიკურ პასკაზეა მოთხოვნა, თუმცა ბოლო პერიოდში გაყიდვების ზრდა იტალიურ პანეტონეებზეც შეინიშნება.
ცნობისთვის, საკონდიტრო კომპანია "ტკბილი ქვეყანა" 2005 წლის დეკემბერში დაარსდა. კომპანიამ ფუნქციონირება 2006 წლის მარტიდან დაიწყო. ამ ეტაპზე "ტკბილი ქვეყანა" 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს და 3 ბრენდულ მაღაზიას ფლობს. კომპანია 500-მდე ადამიანს ასაქმებს.