მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია - მომხმარებლები ძირითადად ონკო პაციენტები, ალოპეციის და ბუდობრივი ცვენის მქონე ადამიანები არიან, - ამის შესახებ "თმის სახლის" დირექტორმა ინდირა შამილიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის პროდუქცია ადგილობრივი ბაზრის გარდა, დაახლოებით 15-მდე ქვეყანაში აქტიურად იყიდება.
"თმის სახლი" 2012 წლიდან ფუნქციონირებს. თავდაპირველად დავიწყეთ თმის დაგრძელებით და შემდგომ პარიკების წარმოება ქართული თმით. თმას ვიბარებთ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან და ძირითადად, არის მოზარდის თმა. კავკასიური ქართული თმა ყველაზე კარგი ხარისხია მსოფლიოში. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად არიან ონკო პაციენტები, ალოპეციის და ბუდობრივი ცვენის მქონე ადამიანები.
ამჟამად, ჩვენ გვაქვს 3 ფილიალი, მათ შორის, ერთი ქუთაისში, ხოლო ორი თბილისში. რაც შეეხება საწარმოს - აღნიშნულიც ქუთაისში მდებარეობს. კომპანიაში დასაქმებული გვყავს 15 თანამშრომელი, მათ შორის, შშმ პირები და გარდა ამისა, 24 მქსოველი. ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდით იმისთვის, რომ ქართული პროდუქცია საზღვრებს გარეთ გამოფენაზე გაგვეტანა მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გავდივართ. გამოფენა "კოსმო პროფი" 1967 წლიდან არსებობს და გიგანტ კომპანიებს აერთიანებს. ჩვენ აღნიშნულ გამოფენაზე წარვადგინეთ ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი პარიკების კოლექცია. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობას ყველა ვერ იღებს, რადგან ბევრი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილო. ჩვენ პირველი ქართული კომპანია ვართ, რომელმაც აღნიშნულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბოლონიაში გაიმართა.
გავიჩინეთ ახალი პარტნიორები, გაიზარდა მოთხოვნები და კიდევ უფრო ინტენსიურად გადავდივართ ექსპორტზე. არის კონკრეტული შემოთავაზებები მათ შორის, ბრაზილიიდან, კანადიდან და ევროპის ბევრი ქვეყნიდან. ამჟამად, ჩვენი პროდუქცია ჯამში დაახლოებით, 15 ქვეყანაში იყიდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ ორიენტირებულები ვართ უცხოურ ბაზრებზე განვითარებაზე. ზოგადად ბაზარზე მოთხოვნა იზრდება, რადგან სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანების რაოდენობა, სამწუხაროდ, იზრდება", - აცხადებს ინდირა შამილიშვილმა.