დეველოპერული კომპანია „არქის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, მხოლოდ თბილისში, პირველად ბაზარზე წელიწადში 20 000 ბინა იყიდება. როგორც ილია წულაიამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას განმარტა, მყიდველების ძირითადი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა.
„მხოლოდ თბილისში, პირველად ბაზარზე წელიწადში 20 000 ბინა იყიდება. ეს მაჩვენებლები ღირებულებაში რომ გადავიყვანოთ 1.8 მლრდ დოლარია. ერთი მაგდენი და ცოტა მეტი, მეორად ბაზარზე რეალიზდება. შესაბამისად, მოთხოვნა არის. ბაზრის 80% შემთხვევაში, მყიდველები არიან საქართველოს მოქალაქეები. ერთ სულ მოსახლეზე ფართის გაზრდის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს და თუ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი შენარჩუნდება, ამას უძრავ ქონებაზე მოთხოვნაც გაყვება.
ЕМААR-ის შემოსვლა ამ ყველაფერს ასტიმულირებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ЕМААR-ი ასრულებს ოფისის რემონტს და მე, როგორც დეველოპერი ამაზე დიდ ბრენდ მსოფლიო დეველოპმენტში არ ვიცნობ. შესაბამისად, ამ კომპანიის შემოსვლა ფოკუსირებას აკეთებს საქართველოს უძრავი ქონებაზე, როგორც საინტერესო მიმართულებაზე. ეს ინვესტორებისთვის ევროპიდან თუ ახლო აღმოსავლეთიდან, შექმნის ახალ მიმზიდველ წერტილს,“-აღნიშნა ილია წულაიამ.
მისივე თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე ამ დროისთვის 200-ზე მეტი დეველოპერული კომპანიაა.
„ერთის მხრივ ბევრი ნიშნავს კონკურენციას და საბოლოო ჯამში მომხმარებელი იგებს. თუ ადრე კვადრატულ მეტრებში იზომებოდა მომხმარებლის მოთხოვნა, ახლა ეს შეიცვალა. სახელმწიფოს უკვე აქვს ხარისხის მინიმალური სტანდარტები, რასაც პატარა კომპანიებიც გვერდს ვერ აუვლიან. თუ ადრე მცირე ზომის კომპანიები ცდილობდნენ კონკურენციაში შემოსვლას დაბალი ფასით და ამას ხარისხის ხარჯზე აკეთებდნენ, ახლა ეს ნაწილი მინიმუმამდეა დაყვანილი. თბოიზოლაციის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების ნაწილში არსებობს უკვე სტანდარტები, თუმცა მინიმალურზე არ კმაყოფილდება ჩვენი მომხმარებელი და ეს ძალიან კარგია,“-აღნიშნა ილია წულაიამ.