logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"დ'დოზა" - კოქტეილის კულტურა საქართველოში ახლა იკიდებს ფეხს

საოჯახო ბიზნესი "დ'დოზა", რომელიც ღვინოსა და სხვადასხვა არომატის ჭაჭას აწარმოებს,  კოქტეილების მიმართულებას აქტიურად ავითარებს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი სოსო ელისაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პროდუქციის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ახალი მიმართულება - "დ'დოზას ბარი შენს ღონისძიებაზე" უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება.

კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, თავდაპირველად მათი ძირითადი ფოკუსი ღვინის კოქტეილებზე იყო, თუმცა დღეს მომხმარებლებს კლასიკურ კოქტეილებსაც სთავაზობენ. გარდა ამისა, "დ'დოზა" კოქტეილის ონლაინ მასტერკლასებს ატარებს და ფესტივალებშიც აქტიურად მონაწილეობს.

"ჩვენ ვაწარმოებთ როგორც ღვინოს, ასევე სხვადასხვა არომატის ჭაჭას. თავდაპირველად, ჩვენი ძირითადი მიმართულება, ღვინის კოქტეილები იყო, ახლა კი მომხმარებლებს კლასიკურ კოქტეილებსაც ვთავაზობთ. გარდა ამისა, ონლაინ, ჩვენს ვებ-გვერდზე მომხმარებლებს სხვადასხვა კოქტეილის მასტერკლასებს ვთავაზობთ. ამასთან, აქტიურად ვმონაწილეობთ ფესტივალებში. ამ ნაწილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, რომ შევადაროთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პროდუქციის მიმართ მოთხოვნა და ცნობადობა 2-ჯერ არის გაზრდილი.

ბოლო პერიოდში დაგვემატა ახალი მიმართულება - "დ'დოზას" ბარი შენს ღონისძიებაზე. დაბადების დღისთვის, კორპორატიული ან კერძო წვეულებისთვის, ან თუნდაც მეგობრების შეკრებისთვის იდეალური გამოსავალია ბარის სრული მომსახურება. აღნიშნული მიმართულება რამდენიმე თვეა რაც ხელმისაწვდომია. ჯერჯერობით დამკვეთები ძირითადად, ფიზიკური პირები იყვნენ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მეტად გავაქტიურდეთ და კორპორატიული სეგმენტი უფრო მეტად დავაინტერესოთ. 

ამჟამად, მეტ-ნაკლებად არის დაინტერესება და ვფიქრობთ, რომ მომხმარებელთა რაოდენობა უფრო მეტად გაიზრდება. კოქტეილის კულტურა საქართველოში ახლა იკიდებს ფეხს. ფურშეტებზე ძირითადად ღვინო არის ხოლმე და ვფიქრობ, რომ ახალი მიმართულება ბევრად უფრო ახალი და საინტერესოა. ამასთან, ჩვენ მომხმარებლებს საშუალო სტატისტიკურ ბარზე იაფ მომსახურებას ვთავაზობთ", - აცხადებს სოსო ელისაშვილი. 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - "დ'დოზა" ღვინისა და ჭაჭის ჩამოსხმას გეგმავს. 

"მომხმარებლების მხრიდან გამოიკვეთა მოთხოვნა, რომ ჩვენი სასმელი ჩამოსხმული სახითაც ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ მიმართულებით განვითარება. ვფიქრობ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებას გაზაფხულიდან დავიწყებთ", - აცხადებს სოსო ელისაშვილი.

ცნობისთვის, საოჯახო ბიზნესი "დ'დოზა"  - ღვინოსა და ჭაჭას საკუთარი პროდუქციით აწარმოებს. მათი ვენახები როგორც თელავში, ისე გურჯაანში მდებარეობს. მათ შორის, რქაწითელის, საფერავისა და "კახური ხვანჭკარას" ვენახები.

 

გამოგვყევით