მოხარულები ვართ, რომ გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი (GFTN) „თბილისის ფინანსური სამიტის“ ნაწილია საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, - ამის შესახებ GFTN-ის თანადამფუძნებელმა სოპნენდუ მოჰანტიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს GFTN-ის პირველი პარტნიორობაა მსოფლიოს ამ რეგიონში, კერძოდ საქართველოში.
„საქართველოს ბაზარი ფინტექის მომავალია, ან როგორც მე მას ვუწოდებ, ახალი ბაზარი, სადაც ფინტექის მომავალი შეიძლება გაფართოვდეს. ის, რაც სებ-მა, მისი მოქმედი პრეზიდენტის ნათია თურნავას ხელმძღვანელობით გააკეთა ფინტექის სივრცეში, აღფრთოვანებას იწვევს. ჩემთვის ინსპირაციაა, თუ როგორ აღიქვამს სებ-ის პრეზიდენტი ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ფინანსური სისტემის იდეასა და მის მომავალს”, - აღნიშნა სოპნენდუ მოჰანტიმ, GFTN-ის თანადამფუძნებელმა.
მოჰანტის თქმით, საქართველოს ცენტრალური ბანკის წინდახედული ხედვა ქმნის ყველაზე ხელსაყრელ გარემოს ფინტექ ინოვაციების განვითარებისთვის, რაც რეგიონში, განსაკუთრებით შუა დერეფანში, ახალი შესაძლებლობების გაჩენას უზრუნველყოფს.
„თბილისის ფინანსური სამიტი“ 22-23 ოქტომბერს გაიმართება და 50-ზე მეტი ქვეყნის 1000-მდე დელეგატი დაესწრება.
სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები.
სამიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, განიხილონ უახლესი ფინანსური ინოვაციები, რეგიონული განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობა.
„თბილისის ფინანსური სამიტის“ მთავარი თემა მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები, რეგიონის ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და შუა დერეფნის, როგორც გლობალური ვაჭრობისა და ციფრული ფინანსების მთავარი ჰაბის განვითარება იქნება.