logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველოს ბაზარი საინტერესოა, შესაძლებლობა არსებობს, რომ ქვეყანა რეგიონული ჰაბი გახდეს" - Quona Capital

კომპანია Quona Capital-ის პარტნიორის, იოჰან ბოსინის შეფასებით,  საქართველოს ბაზარი საინტერესოა და  შესანიშნავი შესაძლებლობა არსებობს, რომ ქვეყანა რეგიონული ჰაბი გახდეს. ამის შესახებ იოჰან ბოსინიმ "თბილისის ფინანსური სამიტის" შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები, თქვენს ქვეყანაში ჩემი პირველი ვიზიტია და იმედია, არც უკანასკნელი იქნება.რაც შეეხება აქ ყოფნის მიზეზს -   გვინდა გლობალური Fintech (ფინანსური ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ფინანსურ მომსახურებას აწარმოებს) ეკოსისტემების განვითარების ნაწილი ვიყოთ.  

რაც შეეხება საქართველოს - აღფრთოვანებული ვართ, რასაც ვხედავთ. თუ დააკვირდებით ჩვენს ინვესტიციებს - ლათინო ამერიკაში, აფრიკაში, აზიასა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მიხვდებით, რომ ჩვენ მდგრადი ეკონომიკის განვითარების ნაწილი ადრეული ეტაპიდანვე ვხდებით. ამასთან, ჩემი აზრით, საქართველო დღეს სწორედ აღნიშნულ საფეხურზეა, კერძოდ, შედარებით ადრეულ ეტაპზეა, თუმცა ვიმეორებ აღფრთოვანებულები ვართ რასაც ვხედავთ. თქვენი ქვეყნის ბაზარი მართლაც, რომ საინტერესოა, კერძოდ, შესანიშნავი შესაძლებლობა არსებობს, საქართველო რეგიონული ჰაბი გახდეს. მაგალითად, შეიძლება იყოს ისეთი ჰაბი, რომელიც ქვეყნებს შორის ენერგიისა და ბიზნესის მიმართულებების განვითარებას განსაკუთრებით შეუწყობს ხელს", - აღნიშნავს იოჰან ბოსინი.

ცნობისთვის, კომპანია Quona Capital ინვესტირებას ახორციელებს Fintech-ში (ფინანსური ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ფინანსურ მომსახურებას აწარმოებს) და მთელ მსოფლიოში ფინანსური ინკლუზიურობის ხელშეწყობას ცდილობს.

შეგახსენებთ, თბილისში, დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22 -23 ოქტომბერს ტარდება და მასში მონაწილეობას მაღალი რანგის პოლიტიკური პირები,  ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში ფორუმი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ბრენდად და მაღალი დონის პლატფორმად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისითვის, ასევე ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

გამოგვყევით