"მერებაშვილის მამულის" დამფუძნებლის, შალვა მერებაშვილის შეფასებით, საუდის არაბეთიდან ეკონომიკური ურთიერთობების დათბობა, თუ ქვეყანაში მასობრივი ტურისტების შემოდინებას გამოიწვევს, შესაძლოა, სარგებლის მომტანი არ იყოს.
როგორც მეღვინე და ტურისტული კომპლექსის მფლობელი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, საქართველო აზიის შვეიცარიად უნდა დარჩეს, ხოლო ევროპელებისთვის აღმოსავლეთ ევროპის უნიკალურ ქვეყნად.
"რა თქმა უნდა, ქვეყნებს შორის ურთიერთობები ნაყოფიერი, ორივე მხარისთვის მოგებიანი უნდა იყოს, თუმცა ჩემი აზრით, საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც მასობრივი ტურიზმის ერთ-ერთი ლოკაცია გახდეს. საქართველო უნდა დარჩეს აზიის შვეიცარიად, ევროპელებისთვის კიდევ აღმოსავლეთ ევროპის უნიკალურ ქვეყნად. მე როგორც ღვინის სექტორში ჩართულმა პირმა შემიძლია გითხრათ, რომ საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორი ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, რადგან ღვინის მომხმარებლები არ არიან. ჩვენი მამულის კარები მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ჩამოსული სტუმრისთვის ღიაა. იმედია, ქვეყნებს შორის ურთიერთობები დადებით შედეგს მოიტანს", - აცხადებს მარნის დამფუძნებელი.
შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის მოადგილეს, ფარი ალ გარნის შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებისა და შესაბამისი შეთანხმების გაფორმების მიმართულებით მუშაობის დაწყების საკითხები.
„ინვესტიციების მინისტრის მოადგილესთან შევთანხმდით მემორანდუმის გაფორმებაზე ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით. საუდის არაბეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და მივესალმებით მასთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ბოლო წლებში საქართველოში საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მზარდია - 2024 წელს ის 263 პროცენტით, 2025 წლის 6 თვეში კი 70%-ით გაიზარდა. ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ველოდებით უფრო მეტ ინვესტიციას საუდის არაბეთიდან,“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის, "მერებაშვილის მამულის" მეღვინეობა და სასტუმრო შიდა ქართლში, კასპში მდებარეობს, ტურისტულ ობიექტს 2 ჰექტარზე გაშენებული ვენახი სოფელ ოკამში აქვს. მარანი ადგილობრივ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. რაც შეეხება სასტუმროს ფუნქციონირება რამდენიმე თვის წინ, ივნისში დაიწყო.