logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"საქართველოში შესაძლოა, ციფრული ლარი აღარც დაინერგოს" - ვარლამ ებანოიძე

ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვარლამ ებანოიძის ინფორმაციით, საქართველოში შესაძლოა, ციფრული ლარი აღარც დაინერგოს.

როგორც ვარლამ ებანოიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამჟამად, ციფრული ლარის ტესტირება შეზღუდულ გარემოში დასრულებულია.

"ჩვენ ამ ტესტირების ფაზიდან პრაქტიკული გამოცდილება მივიღეთ. ახლა ზოგადი სენტიმენტი მთელ მსოფლიოში ციფრული ვალუტების მიმართ შედარებით შენელებულია, ხოლო გამოცდილებას კერძო სექტორის მიმართულებით ვიყენებთ. ჩვენს რეგულირების ლაბორატორიაში გამოვაცხადეთ ე.წ. ტარგეტული სენდბოქსი ტოკენიზირებულ დეპოზიტებზე. ამ ტექნიკურ ცოდნას და გამოცდილებას უკვე კერძო სექტორის მიერ გამოშვებული ციფრული ტოკენიზირებული ფულის ექსპერიმენტების თვალსაზრისით ვიყენებთ", - განაცხადა ვარლამ ებანოიძემ.

კითხვაზე - გადაიფიქრეთ თუ არა, ციფრული ლარის ქვეყანაში დანერგვა, ებანოიძემ განაცხადა, რომ მათი მიზანი ტექნოლოგიების დატესტვა იყო.

"ჩვენი მიზანი იყო ისეთი ტექნოლოგიები დაგვეტესტა, როგორცაა გონიერი კონტრაქტები - საბოლოო გადაწყვეტილება არასდროს არ იყო მიღებული იმის შესახებ, რომ ციფრული ლარი დანერგილიყო. საქართველოს კანონმდებლობა ჯერჯერობით მხოლოდ ერთ საგადასახადო საშუალებას აღიარებს… მიზანი გახლდათ: მაქსიმალურად მწირი რესურსებით თვითონ ტექნოლოგიის შესახებ მიგვეღო შესაბამისი ცოდნა", - განაცხადა ებანოიძემ.

ცნობისთვის, ციფრული ვალუტა (Digital currency) ნაღდი ფულის ელექტრონული შემცვლელია, რომელიც ინახება, იმართება და იცვლება ციფრულ (კომპიუტერულ) სისტემაში. ციფრული ვალუტით ანგარიშსწორება მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი.

გამოგვყევით