ფინტეკის და მარკეტფლეისების ექსპერტის, ჯილ ებანოიძის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე ფინტეკ სამიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის პოზიციონირებას, როგორც ფინტეკის რეგიონულ ჰაბს და გააძლიერებს საქართველოს ცნობადობას გლობალურ მასშტაბზე.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, თბილისის ფინანსური სამიტი აერთიანებს ფინტეკ ინდუსტრიის ლიდერებს, რეგულატორებსა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა სექტორის განვითარების მიმართულებების განსასაზღვრად.
"საქართველოში ამ სამიტის ჩატარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენიმე მიმართულებით. ერთი, რომ საქართველო წარმოდგენილი იქნება როგორც რეგიონული ჰაბი ფინტეკის განვითარებაში, ამავე დროს საქართველოს ცნობადობა გაიზრდება გლობალურ მასშტაბზე. დღეს საქართველოში ჩამოსული არიან ძალიან მნიშვნელოვანი ინდუსტრიის ლიდერები, რომლებიც ამ დისკუსიაში ჩართულები არიან, როგორც რეგულატორებთან, ასევე ფინანსურ ინსტიტუტებთან. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შეიქმნას ეკოსისტემა, სადაც ასევე შეიქმნება ახალი ბიზნესები, რომლებიც გავა საქართველოს გარეთ და რეგიონში იქნება ცნობილი სახელი საქართველოს ფინტეკის განვითარებისთვის. ამ კუთხით ამ დისკუსიებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი გაგრძელდეს და მოჰყვეს მოქმედებები, რომელიც რაღაც კონკრეტულ მიზნებამდე მიიყვანს ქართულ ეკოსისტემას”, - განაცხადა ჯილ ებანოიძემ.
შეგახსენებთ, თბილისში, გუშინ ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22 -23 ოქტომბერს ტარდება და მასში მონაწილეობას მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში ფორუმი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ბრენდად და მაღალი დონის პლატფორმად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისითვის, ასევე ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.