საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ნავთობკომპანია “ლუკოილის” დასანქცირების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეგულატორი შესაბამისად იმოქმედებს და გართულება არ იქნება.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, საქართველოში მოქმედი ბანკები სანქციების რეჟიმს დღემდე იცავენ.
“საერთაშორისო სანქციების შემოღების დღიდან, ჩვენი საფინანსო სექტორი მას განუხრელად ასრულებს. 3 წელია არც ერთი დარღვევის შემთხვევა არ გვქონია. “ლუკოილის” შემთხვევას რაც შეეხება - ეს შედარებით ახალი გადაწყვეტილებაა. ჩვენი საფინანსო სექტორი და რეგულატორი შესაბამისად ვიმოქმედებთ. შევისწავლით, ვნახავთ და რასაკვირველია, სანქციების რეჟიმის დაცვა - ეს არის ის, რასაც ჩვენი ბანკები აკეთებენ”, - აცხადებს ნათია თურნავა.
ცნობისთვის, 15 ოქტომბერს ბრიტანეთმა „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა კი „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები 23 ოქტომბერს დაუწესა.