logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველომ უკვე დაიმკვიდრა თავი, როგორც ძლიერმა რეგიონულმა ჰაბმა" - ნათია თურნავა

"საქართველომ უკვე დაიმკვიდრა თავი, როგორც ძლიერმა რეგიონულმა ჰაბმა ვაჭრობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის სექტორში, ამით ჩვენი ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა.

,,დღეს, საქართველო პირველად მასპინძლობს მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას - თბილისის ფინანსურ სამიტს. მოხარული ვარ, რომ ღონისძიებას ესწრებიან როგორც საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები ისე რეგიონის ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და ფინტექ ინდუსტრიის ლიდერები. სიმბოლურია, რომ თბილისის ფინანსური სამიტი აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის პარალელურად იმართება, რადგან საქართველომ უკვე დაიმკვიდრა თავი როგორც ძლიერმა რეგიონულმა ჰაბმა ვაჭრობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის სექტორში, და ამით ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ამჟამად კი სახეზეა საქართველოს ასეთივე ძლიერ ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბების აუცილებლობა და წინაპირობებიც”, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი განმარტებით, თბილისის ფინანსური სამიტის ერთ-ერთი თანაორგანიზატორია „გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი“ (GFTN), რომელიც წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო ქსელს ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში და აერთიანებს ფინანსურ ინსტიტუტებს, ფინტექ კომპანიებსა და ინვესტორებს ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან.

შეგახსენებთ, თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22 -23 ოქტომბერს ტარდება და მასში მონაწილეობას მაღალი რანგის პოლიტიკური პირები,  ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში ფორუმი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ბრენდად და მაღალი დონის პლატფორმად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისითვის, ასევე ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

გამოგვყევით