"როგორც რეგიონული, ისე გლობალური ინვესტორები საქართველოს ფინანსურ სექტორში, ინვესტირების მიმართულებით სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ თბილისის ფინანსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"საქართველოს გლობალურ საფინანსო რუკაზე გამოჩენა არ არის შემთხვევითი. ბოლო წლებში ქვეყანამ მიაღწია შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას, შეინარჩუნა ფინანსურ სტაბილურობა გლობალური გამოწვევების ფონზე და განავითარა ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო. საქართველოში ჩამოყალიბდა და ნარჩუნდება სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც შედარებით დაბალ ინფლაციასთან ერთად გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას მეტად განვითარებულ ეკონომიკებთან შედარებითაც კი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტის შეფასებით ქართული საბანკო სისტემა მედეგია გლობალური გამოწვევების მიმართ, იგი მაღალ კაპიტალიზირებულია, მომგებიანია და აქტივების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
"გასაკვირი არ არის, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ფინანსური ინდუსტრია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით სხვა დარგებთან შედარებით ლიდერობს. როგორც რეგიონული, ისე გლობალური ინვესტორები სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოს ფინანსურ სექტორში ინვესტირების მიმართულებით. შედეგად, უკვე არაერთი ახალი ჯგუფი შემოდის ქართულ ბაზარზე,” - განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, თბილისის ფინანსური სამიტის ერთ-ერთი თანაორგანიზატორია „გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი“ (GFTN) - წამყვანი საერთაშორისო ქსელი ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში.
შეგახსენებთ, თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22 -23 ოქტომბერს ტარდება და მასში მონაწილეობას მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში ფორუმი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ბრენდად და მაღალი დონის პლატფორმად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისითვის, ასევე ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.