logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"კრეადორას" ახალი ფილიალი ქუთაისში გაიხსნა - ბრენდი რეგიონებში ფართოვდება

ტყავის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია "კრეადორას" ახალი ფილიალი ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ - West Point-ში გაიხსნა - ბრენდი რეგიონებში ფართოვდება. როგორც კომპანიის კრეატიულმა ხელმძღვანელმა დავით ვაშაკიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 50 000 ლარს შეადგენს. 

მისივე ინფორმაციით, კომპანია ორიენტირებულია ადგილობრივი ბაზრის ათვისებაზე და მომდევნო წელს ახალ ფილიალებს ბათუმსა და თბილისში დაამატებს. 

"ჩვენ გეგმაში გვქონდა, რომ მესამე ფილიალიც თბილისში გაგვეხსნა. ეს გეგმები შეიცვალა, რადგან მოლი, სადაც მესამე ფილიალის გახსნას ვგეგმავთ, ჯერ კიდევ მშენებლობის ეტაპზეა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ დრო არ დაგვეკარგა და რეგიონის კუთხით გაფართოება დაგვეწყო. კერძოდ, ახალი ფილიალი 3500 წლის ისტორიის მქონე ქალაქ ქუთაისში გავხსენით. შესაბამისად, საახალწლო პერიოდს უკვე 3 ფილიალით ვხვდებით.

ვფიქრობთ, რომ მომდევნო წელს ჩვენი ფილიალი დაემატება ბათუმში და ასევე, თბილისში. კერძოდ, გვსურს, რომ თბილისში შოურუმი გავხსნათ, სადაც ჩვენი ბრენდის, შეიძლება ითქვას, სახლი იქნება. რაც შეეხება ბათუმს - მოლაპარაკებები გვაქვს მოლებთან და ახალი ფილიალი, სავარაუდოდ, მომდევნო წლის ზაფხულამდე გაიხსნება. რაც შეეხება 2027-2028 წლის გეგმებს - ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ, გვსურს უცხოურ ბაზრებზე ფილიალების კუთხით გავიდეთ", - აცხადებს დავით ვაშაკიძე.

როგორც "კრეადორას" კრეატიულმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, კომპანიის გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, შედარებით, დაახლოებით 10%-ით გაიზარდა.

"წინა პერიოდებში ზრდა კომპანიის გაყიდვებით იყო განპირობებული. მიმდინარე წელს, გარე ფაქტორების გამო, მათ შორის, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ განვითარებული მოვლენების ფონზე, გარკვეული მიმართულებებით გამოწვევები გვქონდა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბრენდი განვითარებას არ წყვეტს - ზრდა მაინც გვაქვს", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება კოლექციის ზრდას - დავით ვაშაკიძის განცხადებით, ბრენდი მუდმივად ცდილობს აქტიური იყოს შემოქმედებით პროცესშიც და შეიძლება ითქვას, რომ ბრენდი პრემიუმ მიმართულებაში გადადის.

"ხარისხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სწორედ, ამიტომ ჩვენი ნედლეული უცხოეთიდან შემოდის და აქ ჩვენი კომპანიის მიერ დამატებით, საჭიროების შემთხვევაში - სპეციალური მეთოდებითა და ტექნოლოგიებით ადგილობრივადაც ვამუშავებთ. მომდევნო წლიდან,  ექსკლუზიურად ჩვენთვის დამზადებული ნედლეულით იქნება წარმოებული. ეს, მათ შორის, გულისხმობს "კრეადორას" ბრენდით დაბრენდილ ტყავს", - აღნიშნა დავით ვაშაკიძემ.

ცნობისთვის, ტყავის აქსესუარების ქართული ბრენდი "კრეადორა" ბაზარზე მეშვიდე წელია რაც გამოჩნდა.

გამოგვყევით