logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი" - რევაზ სოხაძე

"საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი" - რევაზ სოხაძე

1761747929

ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციას - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

"ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიზანია თანამედროვე და უსაფრთხო საგზაო ქსელის შექმნა. ამისთვის მომდევნო წლებშიც განხორციელდება არაერთი სტრატეგიული პროექტი" - აღნიშნა მინისტრმა.

სოხაძის თქმით, იგეგმება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც ოთხ ლოტადაა დაყოფილი. სატენდერო პროცედურები მეორე და მესამე ლოტებზე დაიწყება 2025 წელს, ხოლო მეოთხე და მეხუთე ლოტებზე - 2026 წელს. სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2026–2027 წლებში.

მინისტრის განცხადებით, ბათუმი–სარფის 11.3 კმ-იანი ორ ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობის დაწყება 2026 წელს იგეგმება. ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი საზედამხედველო კომპანიის შერჩევაზე, ხოლო სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება 2025 წლის ნოემბერში. ასევე, დაგეგმილია ქობულეთის შემოვლითი გზის 31 კმ-იანი მონაკვეთის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზება, რომელიც, სავარაუდოდ, 2027 წელს დაიწყება.

როგორც სოხაძემ აღნიშნა, იგეგმება სამტრედია-ზუგდიდის 75.7 კმ-იანი მონაკვეთების დეტალური პროექტის მომზადება.

2027 წლიდან დაიწყება ბადიაური–ბაკურციხის 31.7 კმ-იანი ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, მიმდინარეობს შესაბამისი გეგმების განახლება. იგეგმება აგრეთვე გურჯაანი–თელავის 36.6 კმ-იანი და წნორი–ლაგოდეხის 40.4 კმ-იანი მონაკვეთების პროექტირება.

ჩრდილოეთის მიმართულებით, ნატახტარი–ჟინვალის 26.8 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალის, ასევე არშა–სტეფანწმინდისა და ფასანაურის შემოვლითი გზების მშენებლობა 2027 წლიდან დაიწყება.

მინისტრის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს თბილისის გასასვლელის დეტალური პროექტირება. დაგეგმილია გორამდე, მაგისტრალის 6 ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დეტალური პროექტის მომზადება და თბილისის სამხრეთ შემოსავლელის მშენებლობის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება.

"ეს პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის სატრანსპორტო ქსელს, ხელს შეუწყობს რეგიონული კავშირების გაძლიერებას და ეკონომიკური პოტენციალის ზრდას", - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

გამოგვყევით