logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ჭრიჭინამ" ასორტიმენტი გაზარდა - პროდუქციას მურაბები და ჩურჩხელის კანფეტი დაემატა

კომპანია "ჭრიჭინამ", რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ჩურჩხელასა და ჩირს აწარმოებს ასორტიმენტი გაზარდა. კერძოდ, კომპანიამ უკვე არსებულ პროდუქციას მურაბები და ჩურჩხელის კანფეტი დაუმატა.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" "ჭრიჭინას" დამფუძნებელმა, თამარ გაგნიძემ აღნიშნა, სეზონზე 600 ქილა კაკლის მურაბის რეალიზაცია მოხდა.

"მურაბები (გარგარის, კაკლის, შინდის, საზამთროს, ჟოლოსა, ასევე  ტყის მაყვლის ჯემები) დავამატეთ, საკმაოდ დიდი რაოდენობით, კაკლის მურაბა გაიყიდა. ასორტიმენტის გაზრდა ზაფხულიდან დავიწყეთ და რა მარაგიც გვქონდა სრულად გაიყიდა. ამ სეზონზე ზუსტად, 600 ქილა კაკლის მურაბის რეალიზაცია მოხდა, მსგავს შედეგს არ მოველოდი. ფასის დიაპაზონს, რაც შეეხება მაგალითად, ნახევარ კილოგრამიან ქილაში დამზადებული მურაბის ფასი 15 ლარი გახლავთ.

ასევე დავამატეთ კახური ნატურალური ჩურჩხელა, რომელიც პირდაპირ ჩემი საწარმოდან შეფუთულ მდგომარეობაში, კანფეტის სახით, დასტიკერებული გადის. სტიკერებს პარტნიორ ორგანიზაციას ვაბეჭდინებ,  ხოლო სხვა სამუშაოებს თავად ვასრულებ. პროდუქციას ისევ სოციალური ქსელის მეშვეობით ვყიდით, მომხმარებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

"ჭრიჭინას" წარმომადგენელი კორპორაციული შეკვეთების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ახალი წლის პერიოდში ამ ტიპის შეკვეთებზე მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან ასორტიმენტის გაზრდას ისევ აპირებს.

"ამჟამად, კორპორაციული შეკვეთისთვის ვემზადები. მარტივად რომ აგიხსნათ, ჩვენი პროდუქცია ყუთში იქნება მოთავსებული, კერძოდ, მომხმარებლამდე მინი ჩურჩხელები მივა. აღნიშნული ყუთის ფასი დაბალბიუჯეტიანია. კორპორაციული შეკვეთები ძირითადად ახალი წლის პერიოდში გვაქვს და ცხადია, ვემზადებით, ჯერჯერობით, ბევრი შეკვეთა არ გვაქვს. დღეს საქართველოში ჩურჩხელა საკმაოდ მოთხოვნად პროდუქტად ჩამოყალიბდა, თან უკვე ჩემი მომხმარებელი მყავს. სამომავლო გეგმებს, რაც შეეხება მომავალი წლიდან, სხვადასხვა, ხილის მურაბების დამატებას ვაპირებ, რაც ბაზარზე ძირითადად წარმოდგენილი არ არის", - ამბობს თამარ გაგნიძე. 

მეწარმე ნედლეულის საკითხსაც მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ პროდუქტის ინგრედიენტების ნაწილს ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს, დანარჩენს კი თავად აწარმოებს.

"ნედლეულს რაც შეეხება - ნიგოზს ვყიდულობ, ხოლო ბადაგი სრულად თავად გვაქვს. ჩირს რაც შეეხება, გარგარი საკუთარი ბაღისაა, ხოლო ატამს ვყიდულობ. მინდოდა, მომხმარებლისთვის ბრენდის სახით განსხვავებული და ახალი პროდუქტი შემეთავაზებინა ვგულისხმობ, მაგალითად, შეფუთვას. მსგავსი შეფუთვა ამ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე არ არის და უცხოა", - ამბობს თამარ გაგნიძე.

ცნობისთვის, კომპანია "ჭრიჭინა", რომელიც კახეთში მდებარეობს ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე თვეა ოპერირებს.

გამოგვყევით