ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია "ჯერ არასდროს" პროდუქციის რეალიზაციის გაორმაგების შემდეგ ასორტიმენტის ხაზს აფართოებს.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის დამფუძნებელი, ვაკო ჯინჭარაძე აღნიშნავს, დაახლოებით 1 თვეში ამჟამად არსებულ პროდუქციას ორეულები (მაისური, შარვალი) და დუტის ჟილეტი დაემატება, თუმცა შესაძლოა, კომპანიის ბრენდის ქვეშ საწვიმრებიც გამოჩნდეს.
მეწარმე რეალიზაციის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ თვის განმავლობაში დაახლოებით, 200-დან 300-მდე ტანსაცმელი იყიდება, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა. ამასთან, ვაკო ჯინჭარაძე მყიდველების მკვეთ ზრდას წარმოების გაზრდას უკავშირებს.
"მაისურს, ჰუდს, ჟაკეტს, პულოვერს ვკერავთ, ნებისმიერ ჩვენს სამოსზე ცნობილი, ქართული ფრაზები შეგხვდებათ, რაც ჩვენი ნიშა გახლავთ. სრულად გამართული საწარმო გვაქვს, ყველაფერს ადგილზე ვქმნით - პროდუქციას ვკერავთ, პრინტებს თავად ვამზადებთ, დანადგარებიც გვაქვს. რაც შეეხება ნედლეულს - თურქეთში ვიძენთ, სხვა ყველაფერი საქართველოშია წარმოებული. ამასთან, საწარმო და შოურუმი თბილისში მდებარეობს, შესაბამისად, ნებისმიერ მომხმარებელს პროდუქციის ნახვა და შეძენა ადგილზეც შეუძლია, თუმცა რეალიზაციის კუთხით სოციალური ქსელი ძალიან გვეხმარება", - აცხადებს ვაკო ჯინჭარაძე.
კომპანიის დამფუძნებელი, უშუალოდ მომხმარებლების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ყველაზე ხშირად პროდუქციას 25-დან 35 წლამდე ახალგაზრდები იძენენ.
"მყიდველებს რაც შეეხება, ძალიან ხშირად უცხოელებიც არიან, მიუხედავად იმისა, რომ მაისურზე გამოსახულ წარწერის შინაარსს ვერ იგებენ, სიმბოლურად მაინც ყიდულობენ, თუმცა 90%-ი ადგილობრივი მოსახლეობა გახლავთ. ჩვენი ძირითადი სამიზნე აუდიტორია 18-დან 40 წლამდე პირები არიან. ყოველ წელს მზარდი ტენდენცია გვაქვს, სულ უფრო მეტი მომხმარებელი გვემატება, რადგან წარმოება გავზარდეთ, პროდუქციის დიდი რაოდენობა გვაქვს, თითქმის ყველა მოდელი ნებისმიერ ზომაში შეგვიძლია, პოტენციურ მომხმარებელს ოპერატიულად მივაწოდოთ. რაც შეეხება ტანსაცმლის ღირებულებას 79 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს. 1 თვეში ახალი მოდელები დამატებული გვექნება, კონკრეტული ხედვები გვაქვს, თუმცა ძირითადი კონცეფცია არ შეიცვლება. ", - აღნიშნავს მეწარმე.
ცნობისთვის, ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია "ჯერ არასდროს", რომელიც მაისურს, ჰუდს, ჟაკეტს, პულოვერს და ა.შ. აწარმოებს, ადგილობრივ ბაზარზე 4 წელია ოპერირებს. საწარმოში დასაქმებული 6 ადამიანია. ამასთან, კომპანიას საწარმო და შოურუმი თბილისში აქვს გახსნილი.
 
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
        