logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Winiveria აზიის ბაზარზე შესვლას გეგმავს - მეღვინეობა იაპონურ და კორეულ პარტნიორებს ეძებს

მეღვინეობა Winiveria აზიის ბაზარზე განვითარებას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ზვიად გურაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა,  Winiveria სანდო და მყარ პარტნიორს ეძებს, რომელთანაც გრძელვადიან თანამშრომლობას შეძლებს.

მეღვინეობის დამფუძნებელი აცხადებს, Winiveria-ის გაყიდვების 30% ადგილობრივ ბაზარზე მოდის, ხოლო 70% ექსპორტზე იყიდება. 

"მეღვინეობა Winiveria 1995 წელს კახეთში, სოფელ ვარდისუბანში დაფუძნდა. თავდაპირველად დაახლოებით, 4 სახეობის ქვევრის ღვინოს ვაწარმოებდით. 2014 წელს, გავფართოვდით და ახალი მარანი ავაშენეთ, რომელიც თანამედროვე წარმოებაა, რომელიც 1 მლნ. ბოთლზეა გათვლილი. დღესდღეობით ჩვენ 17 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ, ასევე, 2 სახეობის ცქრიალას, 2 სახეობის პეტნატს და 2 დასახელების ჭაჭას. ანუ ჯამში 23 დასახელების პროდუქტი გვაქვს. წელს ასევე, გავაკეთეთ ახალი ბრენდი, რომელსაც ჰქვია "აკაპელა". აღნიშნული პროდუქტი ქსელური მარკეტებისთვის შევქმენით, რადგან Winiveria პრემიუმ სეგმენტის ღვინოა და შედარებით მაღალ ფასშია. "აკაპელას" ბრენდში სულ 2 სახეობის ღვინოა და ქსელურ მარკეტებში იყიდება. 

Winiveria-ის მიმართულებით ლიდერი პოზიციები გვიკავია ადგილობრივ ბაზარზე, სხვადასხვა ქსელში, HoReCa სექტორსა, თუ ღვინის მაღაზიებში. 

რაც შეეხება ექსპორტის მიმართულებას - 18 ქვეყანას მოიცავს ჩვენი გაყიდვები. მათ შორის, წარმოდგენილები ვართ ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე. აშშ-ში 2018 წლიდან ვართ წარმოდგენილები, თუმცა ნელი ტემპით მიდიოდა განვითარება, რის გამოც იმპორტიორი შევცვალეთ და წლევანდელ წელს 22 შტატს მოვიცავთ და კიდევ უფრო მეტად განვითარების მოლოდინი მაქვს. რაც შეეხება ახალ ბაზრებს - რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ისეთი ქვეყნები, სადაც არ ვართ წარმოდგენილი და ასეთია, აზიის ქვეყნები, მათ შორის, იაპონია და სამხრეთ კორეა. გარდა ამისა, ჩვენთვის საინტერესოა, პოლონეთის ბაზარი. მომავალში სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ", - აცხადებს ზვიად გურაშვილი. 

გამოგვყევით