"თბილისის მშრალი პორტი" მნიშვნელოვნად ხარჯთეფექტური იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტში აბუ-დაბის პორტების ჯგუფის ჩართულობა და მონაწილეობა ადასტურებს, რომ საქართველოს როგორც "შუა დერეფნის" ლოგისტიკური ჰაბის მიმართ ინტერესი დიდია.
მისი განცხადებით, "თბილისის მშრალი პორტის" გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ინვესტორი არის საერთაშორისო კომპანია როგორიც არის აბუ-დაბის პორტების ჯგუფი.
"აღნიშნული პროექტი - "თბილისის მშრალი პორტი" მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა გახდება, რომელიც ზურგი იქნება ფოთის პორტის და ბათუმის პორტის და ამასთან, მნიშვნელოვნად დაეხმარება სატრანსპორტო, სარკინიგზო გადაზიდვებს. აღნიშნული ჰაბი მნიშვნელოვნად ხარჯთეფექტური იქნება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურებს დახმარებას გაუწევს და მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის. პირველ ეტაპზე, როგორც ცნობილია საუბარია 100 000 კონტეინერის მომსახურებაზე. 2024 წელს საქართველოს პორტებმა 600 000 კონტეინერი გადაზიდა, აღნიშნული ჰაბი საშუალებას მოგვცემს მომავალ წელს გადაზიდვები 15%-ით გაიზარდოს. ეს თავის მხრივ უფრო მეტ შემოსავლებს და უფრო მეტ დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს", - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.
ცნობისთვის, „თბილისის მშრალი პორტი“, პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი თბილისში ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა. ობიექტმა მიიღო როგორც საბაჟო ზონის ავტორიზაცია, ასევე რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და უსაფრთხოების პირველი სერტიფიკატი საქართველოს რკინიგზის სააგენტოსგან.